კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში, მათ მონიტორინგი ჩაატარეს, რომლის შედეგადაც, „ფორმულას“ 17:00 - საათიან ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.
„კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში კორესპონდენტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს. კერძოდ: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.
გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს სამი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება, 2 500 და 5 000-ლარიანი ჯარიმები, ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10,000 ლარის ოდენობისა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაჯარიმებას „მედიაჩეკერი“ გამოეხმაურა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტით დააჯარიმა.
„კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლის დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, მესამედ, ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა „ფორმულას“ ეთერში, შერჩევითი წესით, 14-16 სექტემბერს გასული ახალი ამბების პროგრამები დაამონიტორინგა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი ისევ დაარღვია.
„ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქებად ჩაუთვალეს სადავო სიუჟეტებში ისეთი ფრაზების სისტემატურად გამოყენება, როგორებიცაა: „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასაბუთებით, ეს ფრაზები „სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.