Express France-ის ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით საჯარო შეხვედრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პლატფორმული დასაქმება და ციფრულ ეკონომიკაში არსებული გამოწვევები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტები გახდა შეხვედრის მთავარი თემა.
„პლატფორმული დასაქმება, ციფრულ ეკონომიკაში არსებული გამოწვევები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი სტანდარტები გახდა მთავარი განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, Express France-ის ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში" მხარდაჭერით ჩატარდა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2026 წლის ივნისში მიღებულ №193 კონვენციას, რომელმაც პლატფორმულ დასაქმებაში სრულიად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. აღნიშნული დოკუმენტი ადგენს რეგულაციებს, რომლებიც ციფრულ პლატფორმულ ეკონომიკაში ჩართულ თითოეულ პირზე უნდა გავრცელდეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ დღეს საქართველოში ამ მიმართულებით უმთავრეს პრობლემას დასაქმებულთა სამართლებრივი სტატუსი წარმოადგენს. კერძოდ, პლატფორმებზე მომუშავე პირები უნდა იქნენ მიჩნეულნი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმებულებად თუ არა.
დისკუსიის მონაწილეების თქმით, საკვანძო საკითხია, რომ სასამართლო პრაქტიკამ სწორად შეაფასოს და აღიაროს ამ ადამიანების შრომით ურთიერთობაში მონაწილეობა, რაც მათ შრომითი უფლებებისა და სოციალური გარანტიების დაცვის შესაძლებლობას მისცემს.
ILO-ს №193 კონვენციასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე შეხვედრის ძირითადმა მომხსენებელმა, ჯეფრი ვოუთმა (ILAW Network-ის პრეზიდენტი, ILO-ს მმართველი საბჭოსა და გაერთიანების თავისუფლების კომიტეტის წევრი, ჰარვარდის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი და მკვლევარი) ისაუბრა.
ღონისძიების მოდერატორი გახლდათ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ სურმავა, რომელმაც მიმოიხილა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო პრაქტიკა და სექტორში არსებული გამოწვევები.
ღონისძიების დაწყებამდე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ, რომელმაც ციფრულ ეპოქაში აღნიშნული თემის განსაკუთრებულ აქტუალობასა და აკადემიური სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიებას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.