მიშას პატიმრობა არის ყველაზე დიდი სირცხვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხატია დეკანოიძის თქმით, 14 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან და 14 წელი არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის და ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვანი იდეის გაუბედურების, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო.
„აქ ჩვენ ყველაზე უფრო სიმბოლურ დღეს ვდგავართ. 5 წელი გავიდა მიშას დაპატიმრებიდან და 14 წელი გავიდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. ეს 14 წელი არის კორუფციის, სიღარიბის, სიღატაკის, პოლიციის გაუბედურების, განათლების სისტემის გაუბედურების და ყველა იმ ძალიან მნიშვნელოვანი იდეის, რომელიც დავიწყეთ ჩვენ. მინდა ძალიან გულწრფელად ვთქვა, რომ ძალიან ამაყი ვარ, ვიყავი ნაწილი იმ ძალიან დიდი რეფორმების, რომელიც იყო საქართველოში.
მიშას პატიმრობა არის ყველაზე დიდი სირცხვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ის არის ადამიანი, რომელიც პირველი იყო, ვინც პუტინს დაუპირისპირდა, ადამიანი, ვისი დაპატიმრებაც გაუხარდათ რუსებს, რომელთა გავლენის აგენტებიც დღეს გვყავს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება.
აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.