14 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თეზისი: “ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის” , ჭეშმარიტებად ექცია. მე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ “ქართული ოცნება” იქნებოდა ხელისუფლებაში და ტროტუარზე სიარულის გამო ადამიანს დაიჭერდნენ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” “ქართული ოცნების” 14-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ფოფხაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან დიდი დეგრადაცია მოხდა.
“რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოხდა, იყო ისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე. ალბათ, სამართლიანი იყო, რადგან ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, საარჩევნო დემოკრატიის დადასტურება ქვეყანას სჭირდება. უბრალოდ, 14 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თეზისი: “ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის” - ჭეშმარიტებად ექცია.
დღეს აშკარაა, რომ თუ ჩვენ პირველი სამი წელი თუ ვსაუბრობდით დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, ამაზე დღეს უკვე აღარავინ საუბრობს. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ “ქართული ოცნება” იქნებოდა ხელისუფლებაში და ტროტუარზე სიარულის გამო ადამიანს დაიჭერდნენ. ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ მომიწევდა შიმშილობა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და “ქართული ოცნების” არცერთ პოლიტიკოსს, დეპუტატს და გუნდის არცერთ წევრს არ გაუჩნდებოდა სურვილი, რომ ჩემი მდგომარეობის შესახებ ეკითხა.
14 წლის მანძილზე ძალიან დიდი დეგრადაცია მოხდა და დეგრადაცია ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა", - აღნიშნა ფოფხაძემ.
ფოფხაძემ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზეც და თქვა, რომ მაშინაც ადგილი ჰქონდა "პოლიტიკურ ტერორს", "ქართულმა ოცნებამ" კი მისი უსამართლო სასამართლო სისტემა მემკვიდრეობით გადაიბარა.
"ბევრი სასაყვედურო იყო: იყო ძალადობაც, იყო პოლიციური ტერორი, უსამართლო სასამართლო. ეს მურუსიძე-ჩინჩალაძეები მართლა “ქართული ოცნების” გამოგონება ხომ არ არის, მემკვიდრეობით მიიღეს", - აღნიშნა ფოფხაძემ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად წინა ხელისუფლების კრიტიკოსია, მათ დემოკრატიული პრინციპების აღიარებით შეძლეს ხელისუფლების ტრანზიცია.
"მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს იმ ხელისუფლებამ, რომლის მიმართაც კრიტიკული ვიყავი და ახლაც არ ვცვლი ჩემს განწყობებს, საარჩევნო დემოკრატიის პრინციპები აღიარა, ქვეყნის სადავეები დათმო და გადააბარა”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.