განათლების სამინისტრო ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის განახლებას, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, სკოლის შენობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ადგილზე განსახორციელებელ სამუშაოებს.

აღინიშნა, რომ სკოლის შენობასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ექსპერტიზის შედეგებისა და სპეციალისტების ოფიციალური შეფასებების საფუძველზე მიიღება.

„ლევან ღირსიაშვილმა სასწავლო პროცესის უწყვეტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო იყოს უზრუნველყოფილი.

შეხვედრის მონაწილეებმა სასწავლო პროცესის გაგრძელების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი განიხილეს.

პედაგოგებთან და მშობლებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში სწავლას ონლაინფორმატში გააგრძელებენ. ამ პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკოლაში შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს, რის შემდეგაც მოსწავლეები სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განაახლებენ სწავლას.

პარალელურად, დაიწყება სკოლის შენობის მეორე კორპუსის დემონტაჟი და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განათლების სამინისტროს თანახმად, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია