საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი ეწვია

მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიისა და უნგრეთის მიტროპოლიტი არსენი დღეს საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. სტუმარს თან ახლდა ქორეპისკოპოსი მაქსიმე და 50-კაციანი დელეგაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

დელეგაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ უმასპინძლა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრის დროს საუბარი იყო ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე.

„დღეს საპატრიარქოში ვიზიტით იმყოფებოდა მიტროპოლიტი არსენი, რომელიც არის ავსტრიის და უნგრეთის, და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი. მიტროპოლიტი არსენი ჩამობრძანდა მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმიდესი ბართლომეუსის ლოცვა-კურთხევით. დღევანდელი მისი სტუმრობა პატრიარქთან შედგა და საუბარი იყო ორ ეკლესიას შორის ურთიერთობებზე. ასევე იმ ძალისხმევაზე და დახმარებაზე, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი უწევს ჩვენს სამრევლოს ავსტრიაში. სულ ცოტა ხანში იგეგმება უნგრეთში სამრევლოს გახსნა და მიტროპოლიტი არსენი აქაც იქნება ჩართული იმისათვის, რომ მაქსიმალური ხელის შეწყობა იყოს ქართული სამრევლოსათვის.

მეუფე არსენი ძალიან აქტიური ადამიანია იმ კუთხითაც, რომ მისი დაარსებულია პირველი მონასტერი ავსტრიაში და მის მიერ არაერთი სიმპოზიუმებია გამართული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან აიღო ლოცვა-კურთხევა, მასთან ერთად 50 კაცამდე მომლოცველია ჩამოსული და მათი დიდი სურვილია, რომ ქართული ეკლესიის ცხოვრების შესახებ კიდევ უფრო მეტი შეიტყონ“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია