უკრაინამ ინდოეთისგან, თურქეთისგან, ეგვიპტისა და შეერთებული შტატებისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხი წინადადება მიიღო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კიევში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ღიაა ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს როგორც ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე შავ ზღვას.
„ჩვენ გვაქვს ოთხი წინადადება. ყველაზე ყოვლისმომცველი ინდოეთის წინადადებაა. მზად ვართ ენერგეტიკულ ობიექტებზე და შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ მხოლოდ ამ კომბინაციით. ენერგეტიკა და ცეცხლის შეწყვეტა შავ ზღვაში. ეს ნიშნავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე, მათ შორის პორტის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, მსგავსი წინადადებები წამოაყენეს თურქეთმა და ეგვიპტემაც. კერძოდ, ქვეყნებმა შესთავაზეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის მიზნით.
მეოთხე წინადადება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარადგინა. ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს, რომ უკრაინა და რუსეთი ე.წ. “ენერგეტიკულ ზავზე” შეთანხმდნენ.
„არსებობს მეოთხე წინადადება - ამერიკის შეერთებული შტატებისგან - ენერგეტიკული ზავის შესახებ; ის პრეზიდენტ ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრის დროს განიხილეს. საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება იყოს პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი. ღია ვართ ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ფორმატისთვის, მათ შორის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის შეხების ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.