შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის სანქციებზე - გაფუჭებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს - ეს გადაწყვეტილება მათი პოლიტიკის ნაწილია რუსეთთან მიმართებით და როგორ ვუთხრათ მადლობა ქვეყანას, რომელიც ჩვენთან კონსულტაციებსაც არ გადის?

ეს დიდი ბრიტანეთის საქმეა და მათი გადასაწყვეტია. გაფუჭებული საათი, დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

დიდი ბრიტანეთის მიერ 31 პირის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული მარატ კამბოლოვის, ალან გაგლოევისა და სერგეი ტოლმაჩოვის დასანქცირებას.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, არარელევანტურია. პაპუაშვილის თქმით, ეს „ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს“.

„ამ შემთხვევაში შეიძლება გადაწყვეტილება იყოს ისეთი, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდანაც სწორი იყოს, მაგრამ ის გაფუჭებული საათი, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს სანქციებთან დაკავშირებით, გაფუჭებულ საათად რჩება. არარელევანტური გადაწყვეტილებაა, მე ასე ვიტყოდი, ეს არც რამეს არგებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას და არც რამეს აკლებს, ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილი... ამის შემდეგ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი, m6-ის რაზმი ჩავა ცხინვალში და აიყვანს ვინმეს, თუ რას იზამს? ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, აქ ჩვენ ვართ მხოლოდ შემთხვევით მოხვედრილი.

ეს არის დიდი ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილი რუსეთთან დაკავშირებით, აქ საქართველო იქნებოდა, სომხეთი, თუ ლიეტუვა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უნდა ვუთხრა ქვეყანას მადლობა, რომელიც ჩვენთან კონსულტაციებსაც არ გადის ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნებ ვიღაც დასამატებელი გვყავს, იქნებ ვიღაც არდასამატებელია? ხომ უნდა გაიარონ ჩვენთან კონსულტაცია, თუ ჩვენი ინტერესებით მოქმედებენ? აქ ჩვენი ინტერესი არავის აინტერესებს, არც რაიმეს გაკეთება, არც რაიმეს გაფუჭება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს 4 მოქალაქისთვის: მამუკა ფიფიას, ნიკოლოზ მჟავანაძეს, გიორგი ირემაძესა და პაატა აბულაძის მიმართ სანქციების დაწესებას.

„ეს ადამიანები არიან რუსეთში, თავიანთ სახელმწიფოდ მაინც რუსეთს აღიქვამენ, იქ არიან. ეს საკითხი არის დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საკითხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს