საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2026 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (9.1 პროცენტი); განათლების ჯგუფში ფასები შემცირდა 12.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (7.0 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (5.8 პროცენტი) და დონით განუსაზღვრელი განათლება (4.6 პროცენტი)”-ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე.
„ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (14.9 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.0 პროცენტით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8 პროცენტი); განათლების ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9 პროცენტი). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7.0 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8 პროცენტი) და საშუალო განათლება (6.6 პროცენტი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.