ცოტა უცნაური განცხადება იყო და საკუთარ განცხადებაშივე აჩვენეს მიზეზი რატომაც გადიან - აქვთ პოლიტიკური მისია და ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა. უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისში ოფისის დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
პაპუაშვილის განმარტებით, ფონდმა საქართველოს მთავრობისგან მიიღო წინადადება, რომ თავისი საქმიანობისთვის მოეშორებინა პოლიტიკური პროექტები და სხვა აკადემიური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ნებართვა ექნებოდათ, თუმცა პარლამენტის სპიკერის თქმით, როგორც ჩანს, აღნიშნულ ფონდს არაპოლიტიკური საქმიანობის ინტერესი არ ჰქონდა.
„მათ განცხადებაში ნახავდით, რომ ამბობენ, რომ აქვთ პოლიტიკური მისია და ვინაიდან პოლიტიკური მისიის შესრულების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ აღარ უღირთ ქვეყანაში ყოფნა. ცოტა გასაკვირია. როგორც იცით, პოლიტიკური ფონდები გახლავთ პარტიებთან აფილირებული ფონდები. ადენაუერის ფონდი გახლავთ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან აფილირებული ფონდი. შეგახსენებთ, რომ ქრისტიან -დემოკრატიული კავშირი არის epp-ს წევრი და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტია და აცხადებს ეს ფონდი, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდათ საქართველოში. უცხო ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში არანაირი პოლიტიკური მისია შესასრულებელი არ აქვთ, მე მგონი. თქვენ წარმოიდგინეთ, „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიაში რომ დაიწყოს პოლიტიკური მისიის განხორციელება. ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიულ-პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში. მათ მიმართეს მთავრობას და ვინაიდან სწორედ პოლიტიკური შინაარსის პროექტები ჰქონდათ, მთავრობისგან მიიღეს წინადადება, რომ მოეცილებინათ პოლიტიკური ხასიათის პროექტები და თუ სხვა რაიმე აკადემიური ან სხვა ხასიათის პროექტების განხორციელება სურდათ, ამის თანხმობას მიიღებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ არანაირი ინტერესი აკადემიური ან სხვა მიმართულებების მიმართ, საგანმანათლებლო მიმართულებებით, არ აქვთ. როგორც გამოჩნდა მათივე განცხადებით, ჰქონიათ პოლიტიკური მისია და ამ პოლიტიკურ მისიას რომ ვერ ვახორციელებთ, ამიტომ გავდივართო. მათი გადასაწყვეტია! ქართველმა ხალხმა დაკარგა ნდობა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საქართველოში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა დონორულ საქმიანობაში. მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ, სამწუხაროდ, უცხო დაფინანსებები გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის წასახალისებლად. ეს დაადასტურა კიდევაც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ, რომელმაც გაამხილა USAID-ის მავნე სქემები, რომლითაც საქართველოში ძალადობა და რადიკალიზმი ფინანსდებოდა. ამიტომ მივიღეთ ჩვენ კანონი გრანტებისა და გამჭვირვალობის შესახებ და ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ამ კანონებს 2024 წლის არჩევნებზე. საქართველოსა და ნებისმიერ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მიერ პარტიული ხასიათის ორგანიზაციის საქმიანობა არის პრივილეგია და არა უფლება და ამ პრივილეგიით სარგებლობა თუ უნდა ვინმეს, უნდა დაემორჩილოს ქართველი ხალხის წესებს.
ორი ფონდია, მე მგონი, რომელიც გადის, სხვა ფონდებთან თანამშრომლობა გრძელდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს.
„თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიის შესრულება“.- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.