საქართველოს მთავრობის უარი ადენაუერის ფონდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გერმანიასთან ურთიერთობების დაკორექტირების პოლიტიკური ნება არ იქნება - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რუსულ გზას, რომელიც „რუსული კანონიდან“ გამომდინარეობს „ოცნების“ მხრიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც თბილისში კონრად ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვას გამოეხმაურა.
აქუბარდია იმედს გამოთქვამს, რომ „ეს დროებითი ჟამიანობა, რომელიც ქვეყანაშია, მალე დასრულდება იმგვარად, როდესაც კვლავ დაბრუნდებიან გერმანული ფონდები და სხვა ორგანიზაციები, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“.
„20 წელზე მეტია ადენაუერის ფონდი საქართველოში მუშაობს და ეხმარება ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან დაახლოებაში, განათლებაში, ევროინტეგრაციაში. უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა მათ შორის, ქართულ-გერმანულ ურთიერთობების კუთხითაც. მე თავად გახლდით ადენაუერის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის წარმომადგენელი. ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი იმართებოდა, როდესაც პარლამენტარების დიალოგი დგებოდა იმისთვის, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები გაუმჯობესებულიყო. ისევე, როგორც მაშინ ფონდის მხარდაჭერით ერთობლივად შევქმენით ევროინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ამ ვითარებაში „რუსული კანონი“, გერმანიის მთავრობის უარი ადენაუერის ფონდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ გერმანიასთან ურთიერთობების დაკორექტირების პოლიტიკური ნება არ იქნება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ რუსულ გზას, რომელიც „რუსული კანონიდან“ გამომდინარეობს „ოცნების“ მხრიდან - რუსეთშიც აკრძალულია ადენაუერის ფონდი და იქიდანაც გავიდა რამდენიმე წლის წინ. უბრალოდ რუსეთის იმ მოდელის გაგრძელებაა, რომელიც „რუსული კანონიდან“ გამომდინარეობს. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ფონდს და მის ყველა თანამშრომელს, ვინც საქართველოს და ქართველ ხალხს მხარს უჭერდა. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს დროებითი ჟამიანობა, რომელიც ქვეყანაშია, მალე დასრულდება იმგვარად, როდესაც კვლავ დაბრუნდებიან გერმანული ფონდები და სხვა ორგანიზაციები, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიდი ბრიტანეთის მიერ „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში 31 პირის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვის დასანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას უნდა მოჰყვეს გაგრძელება.
„თუ დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სტრატეგიას გადავხედავთ, მთავარი აქცენტი რუსეთის შეკავებაზეა გაკეთებული, ისევე როგორც იმ საერთაშორისო პრინციპის დაცვაზე, სუვერენიტეტზე, რომელიც ამოსავალი წერტილია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ სანქციაში ბმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან და შემდგომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფაქტობრივი ანექსიის პროცესთან კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სუვერენიტეტის პრინციპის დაცვას, ისევე როგორც რუსეთი შეკავების პოლიტიკას, რომელიც დიდ ბრიტანეთს გააჩნია მით უფრო მაშინ, როდესაც დიდ ბრიტანეთს ჰყავს ევროპის ახალი მინისტრი. ასევე, მით უფრო მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი იყო ხმამაღალი, როდესაც 9 მაისი ე.წ. შეთანხმება დაგმო გაგლოევსა და პუტინს შორის. რაც მთავარია, გერმანია, საფრანგეთი, იტალიის ერთობლივ განცხადებაში დიდმა ბრიტანეთმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ანექსიას გამოაცხადებს, რომელიც ფაქტობრივად სახეზეა, რუსეთი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის. ამიტომ, დიდი ბრიტანეთი დღეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ფლაგმანია. ის ფაქტი, რომ 2024-ში მათ ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირეს, გაგლოევი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ 9 მაისის შეთანხმებას და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია და მარატ კამბალოვი, სადაც სანქციებში კუშეტოვის ინსტიტუტზეა აქცენტი, ამ კუთხით აჩვენებს იმას, რომ სუვერენიტეტის მხარდაჭერა გრძელდება. საქართველოს იმ ოთხი მოქალაქის დასანქცირება, რომლებიც პირდაპირ უკრაინასთან არიან კავშირში, არის სხვა პირების დასანქცირების გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში რუსეთის გავლენების შესუსტებას.
ის, რომ რეალურად სანქციები მუშაობას ამას მოწმობს, მათ შორის, სხვა დასაქნცირებული პირების თუ ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ზარალი, ისევე როგორც გამოწვევები, რომელიც თავად სანქცირებულმა პირებმაც აღიარეს. ამიტომ ამას უნდა მოჰყვეს გაგრძელება. სამწუხაროდ მაშინ, როდესაც კობახიძე იჩემებს, რომ სუვერენიტეტის დამცველია და ამიტომ აშორებს ქვეყანას დასავლეთისგან, ჩვენ ვერ ვნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გამოხმაურება ამ სანქციებზე. ვერც ის ვერ ვნახეთ, რა პასუხი აქვს მაკა ბოჭორიშვილს მოსკოვის, ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის ერთობლივ მოთხოვნაზე თბილისის მიმართ, რომ მათ დაიწყონ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება ოკუპირებულ რეგიონებსა და დაიწყონ საზღვრების განსაზღვრა, რაც მათი ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებაა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამავე თემაზე საუბრისას აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ამ თემის ირგვლივ საქართველოს საგარეო უწყების დუმილით ქვეყანას კიდევ უფრო ნაკლები გზები რჩება, დაიცვას ის სუვერენიტეტი, რომელიც რუსეთმა მოშალა და მათ შორის, ის სუვერენული არჩევანი, რომელიც კრემლის ინტერესების შესაბამისად, რუსეთმა ქვეყანას და ხალხს თავზე გადაახია.
„ჩვენ რაც შეგვილია გავაკეთოთ, არის ის, რომ საქართველო იმდენად ძლიერი და მხარდაჭერილი იყოს პარტნიორების მხრიდან, რომ რუსეთის მხრიდან მოთხოვნები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ეს შანტაჟი, არ დასრულდეს შედეგით. არსებული პოლიტიკის ფარგლებში არათუ დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერაზე არის საუბარი, არამედ დასავლეთის პარტნიორი დიდი ბრიტანეთი როდესაც ასანქცირებს შენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის მარიონეტულ ლიდერს, კამბოლოვს, ამაზე საგარეო პოზიციას არ გამოხატავს. ჩემთვის ეს იქნებოდა წარმოუდგენელი თუნდაც 5 წლის წინ, რომ საგარეოს მინიმუმ ბრიფინგი არ ჩაეტარებინა და მადლობა არ ეთქვა. ამ ვითარებაში ეს სრული დუმილი, გარკვეულწილად თანხმობასაც ნიშნავს და ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ სისუსტეს ავლენს. ამ შემთხვევაში საქართველოს კიდევ უფრო ნაკლები გზები რჩება, დაიცვას ის სუვერენიტეტი, რომელიც რუსეთმა მოშალა და მათ შორის, ის სუვერენული არჩევანი, რომელიც კრემლის ინტერესების შესაბამისად, რუსეთმა ქვეყანას და ხალხს თავზე გადაახია“, - განაცხადა აქუბარდიამ.