შალვა პაპუაშვილი - 9 წლის განმავლობაში - 2012 წლამდე, ცალ ფეხზე დგომის ხელისუფლება გვყავდა - 2012 წლიდან სახელმწიფომ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიბრუნა სუვერენიტეტი

მიხეილ სააკაშვილის დიქტატურის 9 წელი არამხოლოდ სისხლიანი დიქტატურის 9 წელი, არამედ პროქსი სახელმწიფოდ ყოფნის 9 წელი იყო, როდესაც ქართული სახელმწიფო იყო იარაღი სხვის ხელში! 2012 წლამდე ცალ ფეხზე დგომის ხელისუფლება გვყავდა - ჩვენ დრო დაგვჭირდა, რათა საბოლოოდ მივსულიყავით წერტილამდე, რასაც სუვერენიტეტი ჰქვია - ჩვენ ამ 14 წლის განმავლობაში რეალურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მივაღწიეთ, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლისთავს.

პაპუაშვილის თქმით, “ის რაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ნახა არის ის, რომ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავს და სხვა ქვეყნების ინტერესებზე ჩამოკიდებული არ არის“.

“დამოკიდებულება რაც შემდეგ მოვისმინეთ: თუ გვეტყვიან ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთო, 9 წლის განმავლობაში - 2012 წლამდე, აი, ასე ცალ ფეხზე დგომის ხელისუფლება გვყავდა. 2012 წლიდან ამ რთული მდგომარეობიდან გამოსვლით, სახელმწიფომ ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად დაიბრუნა სუვერენიტეტი, რომელიც 35 წლის წინ სისხლით მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლით. ასე რომ, 14 წელი არის შედეგი, სადაც დღეს ვართ!

ამას, რა თქმა უნდა, დრო დასჭირდა, რადგან ზოგიერთი უცხო ხელისუფლება, უცხო ორგანიზაცია იმდენად შეჩვეული იყო, რომ ყველაფერში უნდა ჩარეულიყო. მეც კი მახსოვს, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გავხდი, ზოგიერთი ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევდა პარლამენტის საქმიანობის ისეთ დეტალებში შემოსულიყო, რაც არც ერთი ქვეყნის ელჩს არ ეკითხება. წარმომიდგენია, ჩვენი ქვეყნის ელჩი იმ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან რომ მისულიყო და საპარლამენტო თუ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვები დაესვა, რა პასუხით გამოისტუმრებდნენ იმ პარლამენტის დერეფნებიდან.

ეს იყო პროცესი, რომლისთვისაც ჩვენც დრო დაგვჭირდა, რომ საბოლოოდ მივსულიყავით იმ წერტილამდე, რასაც სუვერენიტეტი ჰქვია! სუვერენიტეტი სახელმწიფოსთან დაკავშირებით ითარგმნება თავისუფლებად. თავისუფალი ქვეყანა გულისხმობს ქვეყანას, რომელიც თავის თავს მართავს, სუვერენულია ანუ არის თავისუფალი. ჩვენ ამ თავისუფლებას მათ შორის გარე ჩარევის შეზღუდვის და წითელი ხაზების გავლების გზით მივაღწიეთ, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ეს 14 წელი, რომ ჩვენ ამ 14 წლის განმავლობაში რეალურ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას მივაღწიეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის დასმულ კითხვას, წინა წლებისგან განსხვავებით, 1-ელ ოქტომბერს რატომ არ გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი, პაპუაშვილმა კითხვითვე უპასუხა, თქვენი შეკვეთით ხომ არ ისაუბრებს?

“არ ვიცი, თქვენ რა კრიტერიუმებით განსაზღვრავთ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ - პოსტებით თუ განცხადებებით განსაზღვრავთ. ბიძინა ივანიშვილს მუდმივი კავშირი აქვს პოლიტიკურ გუნდთან და რაიმე ინსინუაციების აწყობა იმასთან დაკავშირებით პოსტი დაიდო თუ არ დაიდო, არასერიოზულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს