კრიტიკა სხვადასხვა მხრიდან მოდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი არის ის, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ის თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ მუშაობას. ეს გამოჩნდა მათ შორის IRI-ს ბოლო კვლევაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საზოგადოებისადმი მიმართულ კითხვას, მისი მთავრობის მუშაობიდან სამი წლის შემდეგ, ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ანგარიშვალდებული სწორედ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის წინაშეა.
„ის თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ მუშაობას, გამოჩნდა მათ შორის IRI-ს ბოლო კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ისტორიული მაქსიმუმი მხარდაჭერისა. ასე რომ, ამ ყველაფრის ყველაზე კარგია განმსაზღვრელი არის ხალხის დამოკიდებულება და ხალხის დამოკიდებულება გამოჩნდა, მათ შორის, IRI-ს კვლევაში. კრიტიკა სხვადასხვა მხრიდან მოდის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი არის ის, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომ ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, ჩვენ მანდატი გვაქვს მიღებული ქართველი ხალხისგან, ანგარიშვალდებულები ვართ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და ჩვენი ამომრჩევლის პასუხი ყველამ იხილა IRI-ს კვლევაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ისტორიული მაქსიმუმი მხარდაჭერისა“.- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ექსპრემიერი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ბოლო წერილში 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ.