„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-14 წელს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ განათლების სისტემა სისტემურ კრახს განიცდის - ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალი გაწირა სიღარიბისთვის, უცოდინარობისა და სიბნელისთვის, რაც მასშტაბური ღალატის კვალიფიკაციას იძენს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა და პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გატარებულ საგანმანათლებლო რეფორმებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, 14 წლის განმავლობაში 7 პრემიერ-მინისტრი და 8 განათლების მინისტრი შეიცვალა და ყოველმა მათგანმა ახალი ცვლილებები დაიწყო, მათ შორის ჩიხრაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემაც გაატარეს საკუთარი საგანმანათლებლო რეფორმები, რომლებმაც, „ყველა სფეროში ძალიან მძიმე შედეგები უკვე გამოავლინა და მომავალში ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი რამ გამოჩნდება“.
„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-14 წელს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, რომ განათლების სისტემა სისტემურ კრახს განიცდის. გუშინდელი შემთხვევა, როდესაც ყვარელში სამარშრუტო ტაქსით გადაყვანილი მოწაფეები ავარიაში მოყვნენ და დაშავდნენ ყველაზე უკეთესად მეტყველებს იმ მდგომარეობასა და სავალალო ვითარებაზე, რომელიც ამ 14 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში შეიქმნა. ამ ხნის განმავლობაში 7-ჯერ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, ხოლო 8-ჯერ განათლების მინისტრი. პრაქტიკულად, ყველა ახალ ცვლილებას იწყებს, ახალი სამოქმედო გეგმის დაანონსებას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. 2016 წელს კვირიკაშვილმა ახალი მასშტაბური 4 -პუნქტიანი განათლების რეფორმირების გეგმა დააანონსა, 2018 წელს პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ კი 6-პუნქტიანი ახალი მასშტაბური ცვლილებების გეგმა, 2022 წელს ღარიბაშვილმა 1 000 000 000 პროექტი დააანონსა, რომლის პირობებშიც, ყველა სკოლა უნდა ყოფილიყო რეაბილიტირებული და ახლად აშენებული და ბოლოს უკვე კობახიძემ და მიქანაძემ დააანონსეს და დაიწყეს განხორციელება ძალიან სწრაფი ბოლო მასშტაბური ცვლილებებისა განათლების ყველა სფეროში, რამაც ასევე ყველა სფეროში ძალიან მძიმე შედეგები უკვე გამოავლინა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი რამ გამოჩნდება. 2019 წელის მარტში მათ დააანონსეს, რომ განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-მდე უნდა გაზრდილიყო და ამის საფარქვეშ ისინი მასწავლებლის ხელფასებისა და დაფინანსებების გაზრდას მთელ საქართველოს ჰპირდებოდნენ, 2026 წლისთავის ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ 6% , არამედ 2,3% არ არის და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას მწირია ამ მიმართულებით ეს დაფინანსება და ვერანაირ მოთხოვნებს ვერ პასუხობს, რომელიც ამ სისტემაშია შექმნილი. „ქართული ოცნება“ 400 ახალი საშუალო სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გვპირდებოდა. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რა მდგომარეობაშია სკოლები დედაქალაქსა თუ რეგიონებში და ვხედავთ, რომ უკვე დაწყებული სასწავლო წლის პირობებში ხდება სკოლების გამოცვლა, გაჩერება. საბავშვო ბაღებშიც ანალოგიური მდგომარეობაა, პრაქტიკულად ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას მშობლებისა და მოსწავლეებისათვის, რის გამოც მათ ძალიან დიდ მანძილზე, ხშირ შემთხვევაში სხვა დასახლებულ პუნქტშიც შესაბამისი ტრანსპორტით უწევთ წასვლა. ამ ეტაპზე საქართველოს 58 მუნიციპალიტეტში ასეთი პროექტი ხორციელდება და 88 150 მოწაფე სარგებლობს ასეთი მომსახურებით, ანუ საცხოვრებლიდან შორს გადასაადგილებლად ტრანსპორტითა და მეორე - მესამე ცვლაში სწავლებით. ეს აბსოლუტურად სპობს პერსპექტივას ხარისხიანი განათლების მიღებისა. ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაც გვაქვს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის თვალსაზრისით PISA - ს კვლევების მიხედვით. ჩვენ UNICF-ისა და „საქსტატის“ მონაცემებით 2022 წელს მივიღეთ ცნობა, რომ პრაქტიკულად 35% სკოლაში მოსიარულე მოწაფეებისა შიმშილობს და დღის განმავლობაში არანაირ საკვებს არ იღებს. ხელისუფლებამ ვერ გამონახა 147 000 000 ლარიც კი იმისთვის, რომ პირველიდან მეოთხე კლასამდე მაინც იყოს სასკოლო კვების უზრუნველყოფილი.
სრულიად გადაიწერა სახელმძღვანელოები, ეს კიდევ ახალი თემაა, რომელიც პრაქტიკულად იდეოლოგიური ჭრილის შეცვლასა და ისტორიის გადაწერას გულისხმობს. ამ პირობებში 22 737 მოწაფემ საერთოდ შეწყვიტა საჯარო სკოლებში სიარული და წავიდა საზღვარგარეთ. ეს დემოგრაფიული თვალსაზრისით, როგორი მავნებელია ვფიქრობ, ზედმეტი განმარტება არ სჭირდება. ნაცვლად დეპოლიტიზებისა, რომლის თაობაზეც ყოველთვის იყო საუბარი ჩვენ მივიღეთ სრულად პოლიტიზებული სისტემა დაწყებული უმაღლესი სასწავლებლით და დამთავრებული ბაღებით, სამწუხაროდ ნაცვლად დეცენტრალიზაციისა მივიღეთ სუპერ ცენტრალიზებული სისტემა. ის ფაქტი, რომ სკოლების გაჩერებისა და სხვაგან გადატანის შესახებ ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ სკოლის დირექტორებმაც კი არაფერი იციან კიდევ ერთი სისტემური კრახის ნიშანია.
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ სასკოლო ფორმებზე, რომლებიც ბავშვებს სავალდებულოდ ჩავაცვით, მაგრამ სკოლები წავართვით. ასეთი ვითარება გვაქვს დღეს საქართველოში შექმნილი, პრაქტიკულად არასრული ჩამონათვალია რაც მე ახლა მოგახსენეთ, რადგან უამრავი რამ არის, როგორც უმაღლესი განათლების სფეროში, ისევე როგორც სასკოლო და სკოლამდელი განათლების სფეროშიც, რაც კრახს მოასწავებს. უნდა ითქვას, რომ ამ 13 წელიწადში უამრავი ტყუილის, უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმისა ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალი გაწირა სიღარიბისთვის, უცოდინარობისა და სიბნელისთვის რაც მასშტაბური ღალატის კვალიფიკაციას იძენს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძე.