ყაველაშვილი ზის და ელოდება, როდის დაურეკავს ტრამპი, ახლა მას შეუერთდება კობახიძე, რომელიც დაჯდება და დაელოდება, როდის შეეხმიანება მას ტრამპი - ტრამპმა ისიც კი არ იცის, ალბათ, რა გვარის არის ეს პირი, რომელიც მას მიუყენეს ფოტოსთვის,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივი ფოტოს შეფასებისას განაცხადა.
გეგელიას თქმით, სანამ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ეს პოლიტიკური კურსი და აფილირებულია რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებთან, აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვა არ მოხდება.
„სამწამიანი ხელის ჩამორთმევა ფოტოსთვის არ შეიცავს არავითარ საუბარს. ჩვენ გვახსოვს გასულ წელს ყაველაშვილი იმავე ფორმატში ტრამპთან ერთად და ამას არ მოჰყოლია არავითარი გადატვირთვა ან დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. შესაბამისად, ნებისმიერი „ქოცური“ მცდელობა და ძალისხმევა, რომ ეს წარმოაჩინონ გარკვეული ტიპის გადატვირთვად, არის უბრალოდ კომიკური, ძალიან სასაცილო. მე მინდა ყველას გავახსენო ყაველაშვილის ნათქვამი, რომ ტრამპი მას დაჰპირდა, რომ დაურეკავდა, ყაველაშვილი კი ზის და ელოდება, როდის დაურეკავს ტრამპი. ახლა მას შეუერთდება კობახიძე, რომელიც დაჯდება და დაელოდება, როდის შეეხმიანება მას ტრამპი, მაგრამ ეს მინდა გითხრათ, რომ არ მოხდება არასდროს, ვიდრე ამ რეჟიმს აქვს ეს პოლიტიკური კურსი, ეს ანტი ამერიკული, ანტიევროპული და ანტიქართული გეზი და სანამ ეს რეჟიმი არის აფილირებული რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან და სხვა მსგავსი ტიპის ავტოკრატიებთან. შესაბამისად, სამწამიანი ფოტო, რომლის მსვლელობისასაც ტრამპმა ისიც კი არ იცის, ალბათ, რა გვარის არის ეს პირი, რომელიც მას მიუყენეს ფოტოსთვის, ასეთი ასობით არის იქ, არაფერს არ ნიშნავს“.- განაცხადა გეგელიამ.