ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე - ჩვენი ფრაქციის დეპუტატები შევხვდებით პატიმარს, ამ უმძიმეს ფაქტს ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა.
ხორგუანმა მიმართა იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, რომ გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.
„ოცნების“ მმართველობის 14 წლის თავზე ვიგებთ საგანგაშო ინფორმაციას, რომ 31 წლის ახალგაზრდა კაცი პენიტენციურ დაწესებულებაში გააუპატიურეს. ამ უმძიმეს ამბავში რაც ყველაზე საგანგაშოა, ამაზე საუბრობს თავად მსხვერპლი თავის სასამართლო პროცესზე.
„ოცნება“ არის პარტია, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობა გააგრძელა - სასამართლოში ყოფილი „ნაცი“ მოსამართლეებით, პარლამენტში ყოფილი „ნაცი“ დეპუტატებით და ხელისუფლებაში - ყოფილი „ნაცი“ მინისტრებით. შესაბამისად, ამ პირობებში საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა, რომ იგივე არ ხდება ციხეებშიც.
მოვითხოვოთ სასწრაფო გამოძიებას აღნიშნულ ფაქტზე. ყველა კადრის სრულად გასაჯაროვებას, გამოძიების მიმდინარეობისას პენიტენციურის სისტემის შესაბამისი ხელმძღვანელის და მხილებული პირების უფლებამოსილების შეჩერებას გამოძიების დასრულებამდე. დაზარალებული ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას.
ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენი პარტიის ფრაქციის დეპუტატები შევხვდებით პატიმარს, ამ უმძიმეს ფაქტს ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას.
მივმართავ პირადად პაატა სალიას, პასუხისმგებლობა აიღოს ამ ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.