რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს, რითაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.
აღნიშნულ ვიდეო №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში პატიმარ გიორგი დავითაძის და დაწესებულების თანამშრომლების მონაწილეობით მომხდარ შემთხვევას ასახავს.
„თუ სხეულის შემოწმების დროს პატიმარს მიმართავენ სექსუალური შინაარსის დამცინავი, ან მუქარის შემცველი ფრაზებით, შემოწმების პროცესს აძლევენ სექსუალური შინაარსის კონტექსტს, აღნიშნული სულ მცირე წარმოადგენს არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხოლო თუ ამ ყველაფერს ახლავს სხეულის ნაწილში შეღწევა, იგი უკვე გაუპატიურების სტანდარტს აღწევს.
რასაც პატიმარი სასამართლოზე ჰყვება, პენიტენციურის მიერ გავრცელებული ვიდეო უფრო მეტად ადასტურებს, ვიდრე გამორიცხავს“, - წერს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.