გიორგი პატარიძე - მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი

მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ განაცხადა, რითაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა.

გიორგი პატარიძემ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს „დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულებისთვის" მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა დაინტერესებულ მხარეებს გადასცეს 2026 წლის 3 მარტიდან მოყოლებული მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული და დაარქივებული უწყვეტი კადრები.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო კადრების გავრცელების გადაწყვეტილება. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო №6 პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს, და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით.

აქვე გავიმეორებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოვონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულ დავითაძის სრულ გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2026 წლის 3 მარტიდან დღეის ჩათვლით. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისგან“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ, რომლის კომენტარს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.

საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს