პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

„ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე. ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდგომში, მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით, რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, 2020-2026 წლებში, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ - მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სხვა საქმეზე უკვე აქვთ შეფარდებული. კერძოდ, გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე აქვს წარდგენილი, ხოლო დავით ფეიქრიშვილს ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს