სანდოობა უნდა გადამოწმდეს ამ კვლევის - ყველა ჩემი შეგრძნება და განცდა მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის თანხვედრაში რეალობასთან. ნორვეგიაზე უკეთესი ქვეყანა ნამდვილად არ ვართ, - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ევროკომისიის კვლევის შესახებ, რომლის თანახმად, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ რა პერიოდსაც კვლევა ეხება, იმ პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანი ციხეში არიან კორუფციის ბრალდებით.
„ამ რეიტინგებში ნორვეგია ჩვენზე დაბლაა. ნორვეგიას გააჩნია სუვერენული ნავთობის ფონდი და ხუთ მილიონიან ქვეყანას ამ ნავთობის ფონდში დაუგროვდა ორი ტრილიონი დოლარი. ეს არის თითო მოსახლეზე 400 ათასი დოლარი. რამდენიმე ხნის წინ რეფერენდუმზე გავიდა კითხვა, სურს თუ არა ნორვეგიის მოსახლეობას, რომ ამ ფონდის ნაწილი განაწილებული იყოს ნორვეგიის მოსახლეობაზე. ნორვეგიის მოსახლეობამ ამაზე უარი თქვა. რას ნიშნავს ეს, თუ არა ნდობას საკუთარი მდგომარეობის მიმართ.
ჩვენ თურმე მარტო ახლა კი არ ვართ მეხუთე ადგილზე, მანამდე ვიყავით მერვეზე და მერვე ადგილზე ყოფნის დროს ხდებოდა ანალიზი ყველა მასალების და ანალიზდებოდა ზუსტად ის პერიოდი, რომელი პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელობაც ახლა ციხეშია. ჩვენ ვიყავით ნდობის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა, ხალხს ჰქონდა ნდობა, მაგრამ ახალ მთავრობას წინა მთავრობის მიმართ ნდობა კი არ გააჩნია, მიაჩნიათ კორუფციონერებად, „ქოლცენტრების“ [მქონეებად], სანქციების თავის ამრიდებლად. წამყვანი ფიგურები არიან ციხეში და ახლა ლაპარაკობს ბატონი ირაკლი კობახიძე, რომ აღარ არის კორუფცია?
სანდოობა უნდა გადამოწმდეს ამ კვლევის. მე ეს არ შემისწავლია, მაგრამ მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვამბობ, რომ ყველა ჩემი შეგრძნება და განცდა მეტყველებს იმაზე, რომ ეს არ არის თანხვედრაში რეალობასთან. ნორვეგიაზე უკეთესი ქვეყანა ნამდვილად არ ვართ. რა შეიძლება იყოს უფრო მეტი ნდობა, ვიდრე ის, როცა შენი კუთვნილი თანხა, რომელზეც გეუბნება, რომ მზად ვარ, შენ მოგცე, მას დაუტოვო, რადგან თვლი, რომ კარგად განკარგავს და უმჯობესია, ის ფლობდეს ამას“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.