თუ დადასტურდა, რაც დღეს ითქვა, არა მარტო ციხის ადმინისტრაციამ, არა მარტო ბადრაგებმა, მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალმა უნდა აგოს პასუხი, - ასე ეხმაურება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადებას ბადრაგის მიერ გაუპატიურების შესახებ.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ახსენდება 2012 წელი და მაშინ გამოქვეყნებული ციხის კადრები, რომელმაც უდიდესი წილი შეიტანა ხელისუფლების ცვლილებაში.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა.
„ჩვენ უმძიმეს ვითარებაზე ვლაპარაკობთ ყველა მიმართულებით. ბოლო პერიოდში გაისმა საგანგაშო ნოტები ციხეებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის პატიმართა რაოდენობის მიხედვით. არ შეიძლება არ გაგახსენდეს ადამიანს „ქართული ოცნება“, როცა ხელისუფლება იცვლებოდა 2012 წელს, როგორ აქტუალური იყო ეს თემა, „ქართლი ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი თემა იყო. ძალიან დიდი, გარდამტეხი წილი შეიტანა ხელისუფლების ცვლილებაში. მათ ყველაფერი აითვისეს, რაც ძალიან ცუდი იყო წინა ხელისუფლების პირობებში.
ერთი, რაც ჯერ არ იყო, ეს იყო ციხეში წამება, მაგრამ ეს რეალობაც, ფაქტია, დაიშვა. „ქართული ოცნება“ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ დაიწყოს მართლაც საჯარო გამოძიება, ყველა წესის და რიგის დაცვით და შესაბამისი ჩართულობით უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების. პატიმრის ყველა პრეტენზია, მშობლების ყველა პრეტენზია, ადვოკატის პრეტენზიებიც მოვისმინეთ დღეს და ეჭვები, რომელიც გამოითქვა, მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი გააქარწყლონ კვალიფიციურად, თუკი ეს არ მომხდარა. თუკი დავუშვებთ, რომ ეს მოხდა, არა მარტო ციხის ადმინისტრაციამ, არა მარტო ბადრაგებმა, მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალმა უნდა აგოს პასუხი იმიტომ, რომ მათ შექმნეს რეპრესიული სისტემა. სისტემა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვაზე აღარ არის ლაპარაკი.
როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, პენიტენციურ სისტემას კითხვებზე პასუხი უნდა მოეწოდებინა საზოგადოებისთვის და არა ნაჩქარევად გამოქვეყნებული ფირი, რომლის მეშვეობითაც მათ უნდათ, რომ თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცონ. ამ ფირმა ბევრად მეტი შეკითხვები გააჩინა, ასე სწრაფად, ყველანაირი მოკვლევის, ხალხთან გასაუბრების, გამოძიების გარეშე პირდაპირ თავის მართლება, რომ ეს ასე არ იყო, ძალიან მძიმე ეჭვებს ბადებს და მძიმე განწყობას აჩენს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.