ამ საქმის გამოძიებამ, დიდი ალბათობით, შეიძლება სხვა საქმეების გახსნასაც ხელი შეუწყოს. დიდი შანსია, რომ სისტემურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე, - ამის შესახებ ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 2014 წელს გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
კაკაბაძის თქმით, ის ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძიოს და იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება შეჩერდება ან შეფერხდება, არ გამორიცხავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც იჩივლოს.
„ეს არის საქმე, რომელშიც სიამოვნებით ვიქნებოდი გამომძიებელი იმიტომ, რომ ამ საქმის გამოუძიებლობა არის უდიდესი დანაშაული. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ეს საქმე არ გამოიძიოს. აქ მარტო ქალბატონი სოფოს ინტერესი კი არ არის, მთელი საზოგადოების ინტერესია. იცით, დაკარგულთა რამდენი ფაქტის შესახებ მივიღე ბოლო წლებში ინფორმაცია? და ვერ მივიღე ინფორმაცია ვერცერთ გამოძიებულ საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და არცერთი მათგანი ბოლომდე მიყვანილი და გამოძიებული არ არის.
იქნებ ამ საქმის გამოძიებამ კვანძი გახსნას და რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ, რაც ასევე სხვა საქმეების გამოძიებაში დაგვეხმარება. მე ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის გაჟღერება არ შემიძლია, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ამ საქმის გამოძიებამ, დიდი ალბათობით, შეიძლება სხვა საქმეების გახსნასაც ხელი შეუწყოს. დიდი შანსია, რომ სისტემურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე.
აღნიშნული სავარაუდო დანაშაული 2014 წელს არის მომხდარი და დიდი შანსია, სისტემურ დანაშაულთან გვქონდეს საქმე მითუმეტეს თუ დავაკვირდებით, რა გააკეთა მაშინ საგამოძიებო ორგანომ და მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგამოძიებო ორგანოს ძალიან დიდი რესურსი ჰქონდა და იმ წელსვე კი არ დაიწყო გამოძიება, მხოლოდ და მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის და შენ მას სამ წელს აძლევ მტკიცებულებების დასამალად, რა თქმა უნდა, ასეც მოიქცევა.
მე არ მოვეშვები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოს მანამ, სანამ იძულებული არ გახდება, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. ქართულმა სახელმწიფომ მეტი რესურსი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რათა ჩვენ კითხვებზე პასუხი მივიღოთ, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე.
ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და კონკრეტული გამომძიებელი თუ საქმის გამოძიებაში მონაწილე სხვა პირები იძულებულები იქნებიან, ყველაფერი გააკეთონ კანონის ფარგლებში. ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა - სახელმწიფომ არ გამოიძია ეს საქმე თავის დროზე და ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ თუ დავინახეთ, რომ გამოძიება გაჩერდება ან შეფერხდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართოთ“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.