ყველა ელჩს, მოქმედი იქნება თუ ყოფილი, მოვუწოდებდი, რომ მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ და საქართველოში, კეთილი ინებონ, და დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში, რომელიც პირდაპირ ელჩს უკრძალავს მუქარის ტონის და სიტყვების შემცველ საუბარს,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საქართველოში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდის დახურვაზე საქართველოში გერმანიის ელჩის ბარბარა ფოსის განცხადებას.
გორდულაძის თქმით, ფონდების განცხადება, რომ მათ საკუთარი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოში არ აქვთ, მცდარი ინფორმაციაა, რაც „მომავალში შესაძლოა საქართველოზე მორიგი თავდასხმების საფუძველი გახდეს“.
„ფონდებს რაც შეეხება, ვნახოთ, ვინ არიან ამ ფონდების დამფუძნებლები - ესენი არიან ფონდები, რომლებიც დააფუძნა პოლიტიკურმა პარტიებმა. კი ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და მათ აზრს არ ატარებენ, მაგრამ ეს რამდენად შესაძლებელია რომ დამაჯერებელი იყოს, საზოგადოებამ შეაფასოს. ამის მიუხედავად გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ნებისმიერი გრანტის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა თუ ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ ასეთი გრანტის გაცემა არის ხელსაყრელი ქართული საზოგადოებისთვის, არ აქვს სუვერენიტეტის შელახვასთან დაკავშირებული რისკები, მაშინ იძლევა თანხმობას, მაგრამ თუ ასეთი თანხმობები არ არის გაცემული, მაშინ ასე თარგმნის გერმანიის ელჩი და ფონდები, რომ თითქოს, მათ საქმიანობის უფლება ეკრძალებათ. ვინ დაუშალა, რომ სხვა საკითხები მოეფიქრებინათ, სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონოდათ სურვილი, რომ გაეცათ გრანტები და ამით საქართველოს მთავრობისთვის მიემართათ? არც არავის! არ მინდა დავიჯერო, რომ ეს კიდევ ერთხელ გამოყენებული შეიძლება იყოს საქართველოს რეპუტაციის დასაზიანებლად. ყველა ელჩს, მოქმედი იქნება თუ ყოფილი, მოვუწოდებდი, რომ მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ და საქართველოში, კეთილი ინებონ, და დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში, რომელიც პირდაპირ ელჩს უკრძალავს მუქარის ტონისა და სიტყვების შემცველ საუბარს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ ვინმე სადმე დარჩეს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ გაქვთ სურვილი, რომ გასცეთ გრანტი, შეათანხმეთ საქართველოს მთავრობასთან. თუ საქართველოს მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად ამ გრანტის გაცემას, შესაბამისად, გექნებათ ამ გრანტის გაცემის შესაძლებლობა. მაგრამ ფონდებს თუ ერთ შემთხვევაში ესირცხვილებათ, ხოლო მეორე შემთხვევაში არ უნდათ, რომ სხვა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად მიმართონ საქართველოს მთავრობას, ეს მათი არჩევანი და მათი გადასაწყვეტია. არსებობს ამ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელზე დამორჩილებაც ყველას ვალია და ასეთი კანონმდებლობა იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და სხვათა შორის, შავი ფულის შემოტანის მცდელობებსაც. ფონდებს წარსულში აქვთ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთებული, რისთვის მადლობას გადავუხდით, მომავალში თუ ექნებოდათ ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი, რა თქმა უნდა, ისინიც მიიღებდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ, როდესაც ამბობენ, რომ მათ შესაძლებლობა არ აქვთ ამ ყველაფრის გაკეთებისა, ეს არის, მინიმუმ, არასწორი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იყოს ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმის კიდევ ერთ საფუძვლად“.- განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ოთხმა გერმანულმა ფონდმა კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა და ფრიდრიხ ებერტის ფონდმა საქმიანობა შეაჩერა.
გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდი იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს, რაც „აისახება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე“.