ფასს განსაზღვრავს ბაზარი. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში ამ კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლიათ და შესაძლებელია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის გამოყოფილ კალათებს და პროდუქტებზე ფასების ზრდას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი.
„რაც შეეხება ფასებს, ამ თემით სპეკულირებთ მუდმივად. მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის მერია არ ადგენს ფასებს, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ვაცხადებთ კონკრეტული მენიუთი, შედგენილს იმ ადამიანებით, რომლებიც დარგის სპეციალისტები არიან და არ იფიქროთ, რომ ამ მენიუს მერიის რომელიმე წარმომადგენელი ადგენს. სპეციალისტების ჩართულობით ხდება კონკრეტული მენიუს შედგენა. შემდეგ ცხადდება ბაზრის კვლევა და ბაზრის კვლევით განისაზღვრება ფასი. ის თანხა, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ჩვენ რომ ავდგეთ და უფრო მეტი ფასით გამოვაცხადოთ კონკრეტული ტენდერი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მაშინ რეაქცია გექნებოდათ, რომ ბაზრის კვლევით არის კონკრეტული ფასი და მერია უფრო მეტ ფასს აცხადებს. როგორც თემურ ქეცბაია იტყოდა, თქვენ იქიდანაც გინდათ და აქედანაც გინდათ, და ასე არ გამოდის.
ფასს განსაზღვრავს ბაზარი. თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფასში ამ კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლიათ და შესაძლებელია, ჩვენ რა უფლება გვაქვს, კანონის წინააღმდეგ წავიდეთ და გამოვაცხადოთ იმაზე მაღალი ფასებით, ვიდრე წარმოდგენილია ბაზრის კვლევაში?“,-განაცხადა კალაძემ.