თაზო დათუნაშვილი - გიორგი დავითაძის შემთხვევა კულმინაციაა იმის, რასაც ხელს აფარებს ხელისუფლება - შედარებას არ დავიწყებ, რომ "ნაციონალების" დროს ძალადობის "5 შემთხვევა იყო და აქ 3 ფაქტია", ერთიც რომ იყოს, კატასტროფაა!

2025 წლის 4 ოქტომბრის აქცია არავითარი გადატრიალება არ იყო, მაგრამ იყო პოლიტიკურად მიამიტური, პირდაპირ ვიტყვი, სულელურ და მავნებლურ ქმედებათა მთელი კასკადი ჩვენი კოლეგების მხრიდან, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“განაცხადა.

მან ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, რომლის ლიდერებიც და მხარდამჭერთა ნაწილი დღეს უკვე მსჯავრდებულია. თაზო დათუნაშვილის თქმით, ამ ყველაფრიდან ერთი წლის თავზე, „2026 წლის 4 ოქტომბერს, დარჩა მარტო შალვა პაპუაშვილის და სახელმწიფო პროპაგანდის განცხადებები“.

„ერთადერთი, ვინმეს თუ რამეში გამოადგა დღეს ეს ავანტიურა, რომელიც სრული სისულელე იყო, ეს არის შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლება იმისთვის, რომ ერთი წლის თავზეც ილაპარაკოს ტყუილი. რა თქმა უნდა, ეს არავითარი გადატრიალება არ იყო, მაგრამ იყო ძალიან სულელური, პოლიტიკურად მიამიტური, პირდაპირ ვიტყვი, სულელურ და მავნებლურ ქმედებათა მთელი კასკადი ჩვენი კოლეგების მხრიდან, ვინც ქართულ საზოგადოებას არ ეუბნებოდა არც სიმართლეს, არც რაციონალურს და არც რაიმე ხელმოსაჭიდს. თურმე არაფერზე დაფუძნებულ სისულელეს ეუბნებოდა, რომ ერთ დღეში რაღაცას დაიწყებდა, დაამთავრებდა და ეს დღე იყო 4 ოქტომბერი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

რაც შეეხება გასულ კვირას ვანში, დმანისსა და წალკაში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს და პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შედეგებს, თაზო დათუნაშვილის შეფასებით, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო და სამუშაო ბევრია პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციასთან. ამ კონტექსტში, მან არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობაზე ისაუბრა.

„შუალედური არჩევნების შედეგები გვეუბნება იმას, რასაც რაციონალურად უნდა გვეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა, ძალიან ცუდი შედეგი დაიდო დმანისსა და წალკაში, ძალიან ცუდი შედეგი, შესაბამისად, ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ამ ორ ადგილას ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა ასეთი რამ არ განმეორდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობთ, სუს-ის მიერ პირდაპირ კონტროლირებად ორ რთულ რეგიონზე.

4 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა ის, რომ ბოიკოტმა და იმ ავანტიურამ, როდესაც ხალხს ქუჩაში ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, ერთ დღეში რევოლუციას მოვაწყობთ, არჩევნებში მისვლა კი არ დაგჭირდებათო, ამან იმუშავა მათ შორის იმაზე, რომ ადამიანები არჩევნებზე არ მოვიდნენ. ჩვენს ამომრჩეველს უნდა ველაპარაკოთ და ის საპირისპიროში დავარწმუნოთ. ყველას ამომრჩეველს ოპოზიციიდან ჩვენ ვერ დავარწმუნებთ, ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რომ შეწყვიტონ მავნებლობა და მიხედონ საქმეს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, მან ისაუბრა რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის განცხადებაზე, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. თაზო დათუნაშვილი თანადგომას უცხადებს მსჯავრდებულის ოჯახს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ამ განცხადების მიღმა „შეუძლებელია რამე არ იდგეს“.

„შეუძლებელია ამის უკან რამე არ იყოს. როცა ადამიანი ამბობს იმას, რომ ასეთი ზეწოლის ქვეშ არის, ამის უკან რომ არაფერი იყოს, უბრალოდ წარმოუდგენელია. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების დეტალებში შესვლა არ მინდა, მაგრამ ვინც ნახა, როგორ შეიძლება დასკვნა გამოიტანოს, რომ სინდისიერად და ყველა წესის დაცვით მოექცნენ იმ კაცს [მსჯავრდებულს]. თავი ხომ არ უნდა დავიბრმაოთ მენტალურად, თითქოს ეს არაფერი არ არის. კადრებით დამტკიცებული უმძიმესი მოვლენაა. ის, რომ ამას გაგრძელება მოჰყვება და მიმდინარეობს ეს პროცესი, ჯოჯოხეთია. ეს არ არის პირველი შემთხვევა. თუნდაც დღეს გაცვედანებულ სახალხო დამცველი ინსტიტუტსაც კი აქვს წინა წლის ანგარიში ისეთის საკითხების, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ციხეში პროცესები ძალიან არასწორი მიმართულებით მიდის.

გიორგი დავითაძის შემთხვევა კულმინაცია არის იმისა, რასაც ხელს აფარებს ხელისუფლება. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს წარმოადგენს და სენტიმენტი არ გამაჩნია, ისე ამათ მიმართ არ გამაჩნია. შედარებას არ დავიწყებ იმისა, რომ „იქ, 5 იყო და აქ 3 არის“ - ერთიც რომ იყოს კატასტროფაა იმიტომ, რომ მის ადგილას შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანი“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა