რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეში მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული.
„ზოგადად, 4 ოქტომბრის საქმე ყველამ ვიცით. პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ დაჯგუფების წევრებს. მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ ისინი ამას აპირებდნენ. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე. ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული. რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს - სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.