არ გამიკვირდება, რომ პაატა ბურჭულაძემაც მსგავსი ნაბიჯი გადადგას - მიმართოს ხელისუფლებას და საპატიმროდან თავი დაიხსნას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ადრე აბულინგებდა შეწყალებულ პატიმრებს, ახლა კი, როცა საპატიმროში ყოფნა თავად გაუჭირდათ, იგონებენ მიზეზებს, თითქოს აღიარება მხოლოდ ციხიდან თავის დაღწევის საშუალებაა.
“ზოგადად, კაცობაზე საუბრობენ და, ერთი წელი საპატიმროში ყოფნაც უჭირთ, კი ხედავთ, პაატა ბურჭულაძეს. როცა შევიწყალეთ ჩვენ პატიმრები, გამოდიოდა და ამბობდა, რომ ეს იყო არასწორი ფორმა და არ უნდა მიმართონ. ახლა ამ ყველაფერს სხვანაირად უყურებს და ფიქრობს, რომ ეს არის სწორი ფორმა, იმიტომ, რომ მხოლოდ საპატიმროდან უნდა დაიხსნას ადამიანმა თავი. პაატა ბურჭულაძე თუ ფიქრობს ამ ფორმით გამოვა, კი ბატონო, მიმართოს ხელისუფლებას და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტულად პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით. არაფერი არ არის ამ ადამიანებიდან გამორიცხული, ესენი მხოლოდ თავისი კომფორტიდან გამოდიან. ამათ არ ადარდებთ იმ ბავშვების ბედი, რომელთა დიდი ნაწილიც იქ შეცდომით იდგა და დღეს მათ გამო, პაატა ბურჭულაძის და მსგავსი პოლიტიკოსების გამო არიან საპყრობილეში. ამათ ეს არ ადარდებთ. მე მახსოვს ზუსტად, როცა შევიწყალეთ ჩვენ რამდენიმე ადამიანი, მათი რიტორიკა, მათი ბულინგი ამ ადამიანების მიმართ, რომ ამათ არ უნდა მიემართათ ხელისუფლებისთვის, მაგრამ, ეტყობა, დღის წესრიგში დადგა ახლა თვითონაც ვეღარ ძლებენ, ალბათ, საპატიმროში და ფიქრობენ, რომ რამე ფორმით გამოძვრნენ იქიდან და რაღაც ფორმას იგონებენ, თითქოს ეს არ არის აღიარებითი ჩვენება და ეს არის მხოლოდ საპატიმროდან თავის დახსნა. აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება, რომ პაატა ბურჭულაძემაც მსგავსი ნაბიჯი გადადგას”, - აღნიშნა ჭეიშვილმა.