ნახევრად ირონიით ვიტყვი, რომ შვილი უნდა გაზარდო მამამ ასეთი, როგორიც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ - ეს არის სინამდვილეში „ნაცობა“, პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებას, რომ „სხვა პატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება მსჯელობა იმაზე, პაატა ბურჭულაძე უფრო ფასეულია ციხეში თუ თავისუფლებაზე“.
პაპუაშვილის თქმით, „ნაცი“ ოჯახშიც „ნაცია“ და ქუჩაშიც.
„ნახევრად ირონიით ვიტყვი, რომ შვილი უნდა გაზარდო ასეთი მამამ, როგორც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ. ეს არის სინამდვილეში „ნაცობა“ - პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში. „ნაცი“ ოჯახშიც „ნაცია“ და ქუჩაშიც.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან, არიან მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები. ისინი ჯერ შეაგულიანეს. 2024 წლის არჩევნებიდან თვეების განმავლობაში დიპლომატების, პოლიტიკოსების მათ შორის, ევროკავშირის და სხვა ელჩების პირადი ჩართულობით, ხდებოდა კულტივირება იმ აზრის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კანონიერი მეთაური - ამას უნერგავდნენ თავში საკუთარ ექსტრემისტ მხარდამჭერებს, შემდეგ ეს ექსტრემისტები შეიკრიბნენ და ზუსტად ამ აზრს წვეთ-წვეთად ტვინში უნერგავდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, ხოლო პრეზიდენტის სასახლე დაკავებულია არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ. შემდეგ გამოვიდა ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელმაც თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქცია, რომელიც დაანონსებული იყო, როგორც დამხობის, მხარს უჭერდა. მივიღეთ ეს, რომ შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, აღმოჩნდნენ ციხეში, იხდიან სასჯელს. სანაცვლოდ მიიღეს, რომ დღეს ბრიუსელს მასალად ჰყავს გამოყენებული ეს ადამიანები, რომელიც ციხეში იმისთვის არიან, რომ საქართველო დააზიანონ და განცხადებებით მიიტანონ ხოლმე შეტევა. ამიტომ ეს ადამიანები დღეს ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან. მათივე ინტერესშია, რომ საკუთარი თავი იარაღად არ გამოაყენებინონ ბრიუსელს და შესაბამისად, აღიარონ თავისი დანაშაული ქვეყნის წინაშე. ნუ მისცემენ ბრიუსელს საშუალებას რომ ეს უსინდისოდ გამოიყენოს მათი პატიმრობა და ჩატოვონ იქ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ ჟურნალისტების კითხვას, გააფორმებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას, უპასუხა: „4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებმა აუცილებლად უნდა გააფორმონ საპროცესო შეთანხმება, ხოლო პაატა ბურჭულაძე ციხეში უფრო ფასეული იქნება ქვეყნის თავისუფლებისთვის თუ თავისუფლებაზე, ამას შემდეგ განვიხილავთ“.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.