რომან გოცირიძე - ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოდან მოკვეთა უხეში კანონდარღვევაა - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დიდ შარში გაეხვა და ეროვნული ბანკი უმძიმეს სამართლებრივ კრიზისში აღმოჩნდება

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობიდან ჩამოცილება კანონდარღვევაა.

რომან გოცირიძე იმ რისკებზე საუბრობს, რომლის წინაშეც შესაძლოა ეროვნული ბანკი დადგეს.

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუ საბჭო „უკანონოდ ჩამოცილებული“ წევრის გარეშე გააგრძელებს სხდომების ჩატარებას, „დეფექტური შემადგენლობით“ მიღებული ყველა შემდგომი გადაწყვეტილება ბათილობის სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. გოცირიძის შეფასებით, ახლა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა „დიდ შარში გაეხვა“ და ეროვნული ბანკი უმძიმეს სამართლებრივ კრიზისში აღმოჩნდება.

რომან გოცირიძეს შესაბამისი კანონმდებლობა მოჰყავს საფუძვლად და ამბობს, რომ ნანა ყეინიშვილის ჩამოცილებამ შესაძლოა ეროვნული ბანკის სამომავლო გადაწყვეტილებებზე „სავალალოდ იმოქმედოს“.

„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოდან მოკვეთეს. ეს უხეში კანონდარღვევაა და ამან შესაძლოა ეროვნული ბანკის სამომავლო გადაწყვეტილებებზე სავალალოდ იმოქმედოს.

ასეთ სანქციას კანონი არ ითვალისწინებს.

კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეზღუდვის სამართლებრივ ფარგლებს. ეროვნული ბანკის საბჭოს არ გააჩნია უფლებამოსილება, თავის წევრს დროებით ან მუდმივად შეუჩეროს საბჭოს წევრის სტატუსი ან საზედამხედველო საქმიანობა. საბჭოს შეუძლია წევრი ჩამოაცილოს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საკითხის განხილვისა და კენჭისყრის პროცესს, ისიც მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.

„უფლებამოსილების დროებითი შეჩერების“ ნორმა კანონში არ არსებობს.

კანონი იცნობს მხოლოდ ორ სამართლებრივ მდგომარეობას: მოქმედ უფლებამოსილებას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას (გადაყენებას).

კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს შუალედურ სამართლებრივ ზომას-უფლებამოსილების „დროებით შეჩერებას“.

მუხლი 10 (ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენება):

საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენების ერთადერთი კონსტიტუციური და კანონიერი ორგანო არის საქართველოს პარლამენტი (პუნქტი 1).

მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამომწურავად ჩამოთვლის გადაყენების საფუძვლებს (გამამტყუნებელი განაჩენი, ქმედუუნარობა, 3 თვის განმავლობაში მოვალეობის შეუსრულებლობა, ინტერესთა შეუსაბამობა ან პირადი განცხადება).

სანამ პარლამენტი არ მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას გადაყენების შესახებ, საბჭოს წევრი ინარჩუნებს თავის სამართლებრივ სტატუსს. საბჭოს შიდა კენჭისყრით წევრისთვის სტატუსის ჩამოართმევა ან საქმიანობის სრული ბლოკირება პირდაპირი კანონდარღვევა და უფლებამოსილების გადამეტებაა.

ერთადერთი ლეგიტიმური მექანიზმი-აცილება კონკრეტულ საკითხზე.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საბჭოს წევრს ეზღუდება კენჭისყრაში ან განხილვაში მონაწილეობის უფლება, ეხება ინტერესთა კონფლიქტს კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.

მუხლი 13 (ინტერესთა შეუსაბამობა):

მე-13 მუხლის შესაბამისი პუნქტები და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (VI თავი-აცილება) ნორმები ადგენს, რომ თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ეხება საბჭოს წევრის ან მისი ოჯახის წევრის პირად, ფინანსურ ან ქონებრივ ინტერესს, მოქმედებს აცილების წესი:

ა) თვითაცილება: საბჭოს წევრი ვალდებულია თავად განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და არ მიიღოს მონაწილეობა ამ კონკრეტული საკითხის განხილვასა და კენჭისყრაში.

ბ) იძულებითი აცილება საბჭოს მიერ: თუ წევრი თავად არ აცხადებს აცილებას, თუმცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი ან მტკიცებულება ინტერესთა შეუსაბამობაზე, საბჭოს ნებისმიერ სხვა წევრს აქვს უფლება დააყენოს მისი აცილების საკითხი.

გ) საბჭოს გადაწყვეტილება: საბჭო კენჭს უყრის აცილების მოთხოვნას. ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს წევრი ჩამოშორდება მხოლოდ ამ კონკრეტული დღის წესრიგის საკითხის კენჭისყრას.

ამ პროცედურის დასრულებისთანავე, მომდევნო (ნეიტრალურ) საკითხებზე საბჭოს წევრი სრული უფლებით აგრძელებს მსჯელობასა და ხმის მიცემას.

რა ხდება, თუ საბჭომ მაინც გადაამეტა უფლებამოსილებას?

თუ ეროვნული ბანკის საბჭომ მაინც ჩაიდინა ასეთი სამართლებრივი ნონსენსი და თავის წევრს უკანონოდ შეაჩერა უფლებამოსილება, საბჭო თავად ხდება კანონდამრღვევი, ხოლო შედეგები ინსტიტუტისთვის კატასტროფულია:

გადაწყვეტილების ავტომატური ბათილობა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთარი კომპეტენციის გადაცილებით მიღებული აქტი ბათილია. საბჭოს არ გააჩნია პარლამენტის ფუნქცია და ვერ ჩამოართმევს წევრს უფლებამოსილებას.

სხვა გადაწყვეტილებების უკანონობა: თუ საბჭო უკანონოდ ჩამოცილებული წევრის გარეშე გააგრძელებს სხდომების ჩატარებას, ასეთი დეფექტური შემადგენლობით მიღებული ყველა შემდგომი გადაწყვეტილება დგება ბათილობის სერიოზული რისკის ქვეშ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დიდ შარში გაეხვა და ეროვნული ბანკი უმძიმეს სამართლებრივ კრიზისში აღმოჩნდება“, - წერს რომან გოცირიძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს