დღევანდელ პროცესზე ვიდეო მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გამოვიკვლიეთ, არის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ არის ჩაწერილი და სადაც მან, ფაქტობრივად, შეუკვეთა მართლმსაჯულება, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლოში. მან პირდაპირ თქვა, რომ გიორგი გახარიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ დაიწყებდა სამართლებრივ პროცედურებს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ჩორჩანას საქმეზე გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
სიჭინავას თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული არაერთი ვიდეო მტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ საქმეზე, ობიექტური სასამართლოს პირობებში, გამამართლებელი განაჩენი დადგეს. თუმცა, ადვოკატი იმასაც დასძენს, რომ ასეთი განაჩენის მოლოდინი დაცვის მხარეს არ აქვს, რადგან მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ „სასამართლო ხელისუფლებას აკონტროლებს“.
„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. ვიდეო მტკიცებულებები წარმოდგენილია 2016 წლიდან მოყოლებული ჩორჩანაში რა პროცესებიც ვითარდებოდა და განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა 2019 წლის თებერვალზე, როდესაც იანვრის ბოლოდან უკვე აღმოაჩინეს მონიშვნები ყვითელი საღებავებით.
ვიდეო მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რას საუბრობს 2019 წლიდან მოყოლებული მოსახლეობა, როგორ იტაცებდნენ იქაურ მცხოვრებლებს, როგორ აჩერებდნენ და იტაცებდნენ მანქანებს, მათ შორის, საქონელსაც და ა.შ..
ამ ვიდეო მტკიცებულებების, ამ ვიდეო სიუჟეტების შემდეგ, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩენილიყო. მარტო ეს ვიდეო მტკიცებულებები კმარა იმისთვის, რომ დადასტურდეს საქმეში პოლიტიკური მოტივაცია და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დევნა გიორგი გახარიას მისამართით, რასაც „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულება აკეთებს დღეს.
ასევე, წარმოდგენილი იყო ვიდეო სიუჟეტები, რას საუბრობდა ვახტანგ გომელაური 2019 წელს ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით და დღეს როგორ ცვლის თავის ჩვენებას, რას საუბრობდა თეა წულუკიანი და რას საუბრობს დღეს, რას საუბრობდა ანრი ოხანაშვილი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა შემდეგ და რას საუბრობს კონკრეტულ შემთხვევაში დღეს, რას საუბრობდა დავით მათიკაშვილი და „ქართული ოცნების“ წვრილფეხობა და რას საუბრობენ დღეს.
კიდევ მიმდინარეობს ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა. მხოლოდ ეს ვიდეო სიუჟეტები, რომლებიც 2019 წელს არსებულ ვითარებას აღწერს სოფელ ჩორჩანაში, სრულებით საკმარისია ობიექტური მოსამართლისთვის, რათა ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ ობიექტური გადაწყვეტილების იმედი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ აკონტროლებს სასამართლო ხელისუფლებასაც ისევე, როგორც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უზის ჯიბეში.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გამოვიკვლიეთ, არის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ არის ჩაწერილი და სადაც მან, ფაქტობრივად, შეუკვეთა ის მართლმსაჯულება, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლოში. მან პირდაპირ თქვა, რომ გიორგი გახარიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ დაიწყებდა სამართლებრივ პროცედურებს. სასამართლოს დონეზე გვაქვს დალაგებული ყველაფერიო, ამას აანონსებდა ეს ადამიანი და ეს ინტერვიუც დღეს სასამართლო დარბაზში გავიდა. ეს სიმბოლურია, მაგრამ ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის, როდესაც შიდა სახელმწიფოებრივ მექანიზმებს ამოწურავს ჩვენი მხარე და საქმეს სტრასბურგში წაიღებს იმიტომ, რომ ამ ინტერვიუში პოლიტიკური დევნა იკვეთება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს იმ სიტუაციას, რაც მართლმსაჯულებას აქვს გიორგი გახარიასთან მიმართებაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.