ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებას ეხმაურება და წერს, რომ ეროვნული ბანკის მმართველობის მთავარი პრობლემა მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობაა და არა საბჭოს წევრების ასაკი.
მისი თქმით, ცვლილება სინამდვილეში ასაკობრივი ცენზის დაწესებას გულისხმობს, რომელიც დაახლოებით 35 წელს შეადგენს.
„ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ტექნიკური ხასიათის მცირე ცვლილებები შედის, თუ ერთ ცვლილებას არ ჩავთვლით: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვერ გახდება პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება არ აქვს.
რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ასაკობრივი ცენზის დაწესებას, რომელიც დაახლოებით 35 წელს შეადგენს.
სკოლის, უნივერსიტეტისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამსახურის დაწყება და ერთ სფეროში უწყვეტად 10 წლის განმავლობაში მუშაობა დაახლოებით ამ ასაკამდე მიგვიყვანს. რეალურ ცხოვრებაში კი ეს ზღვარი ხშირად 40 წელსაც უახლოვდება-სწავლის გაგრძელების, პროფესიის შეცვლისა თუ სხვა გარემოებების გამო.
კარგია ეს თუ ცუდი? ნაწილობრივ ორივეა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ცვლილება ვერც საქმეს აფუჭებს და ვერც აუმჯობესებს.
ეროვნული ბანკის მმართველობის მთავარი პრობლემა მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობაა და არა საბჭოს წევრების ასაკი,“ - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება - მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამის სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება.
ამ და მთელ რიგ სხვა ცვლილებებს “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.