არჩილ გორდულაძე - ვენეციის კომისიის დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს - არავინ ეკითხება ვენეციის კომისიას, როგორი პოლიტიკური გარემოა ქვეყანაში, მათი ფუნქციაა სამართლებრივად შეაფასონ კანონები, მაგრამ გადასულები არიან პოლიტიკურ შეფასებებში

ვენეციის კომისიის დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს - მათი დასკვნა არ არის სამართლებრივი შინაარსის, არის პოლიტიკური მექანიზმისთვის გამოსაყენებელი კარგი საშუალება მავანის თვალში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის ფუნქციაა კონკრეტული კანონის ან კანონთა კრებულის სამართლებრივი შეფასება და „მას არავინ ეკითხება როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი ან გარემოა ქვეყანაში“.

„ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით შეგვიძლია მოვიყვანოთ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, რომ ისინი საერთოდ გავიდნენ ამ ურთიერთობიდან. ისინი ვენეციის კომისიას უწოდებენ, როგორც ფუჭი დროის კარგვას, რომელთა მიზანი, სამწუხაროდ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, არ არის სამართლებრივი დასკვნის დაწერა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია წარმოდგენილი დასკვნაში, მათ შორის ამ დასკვნაში. დასკვნაში არცერთი და არავითარი სამართლებრივი საკითხი არ არის მითითებული, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველია, რათა ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ინსინუაციები მოყვეს. ამავე დასკვნაში არის მითითებული, რომ თურმე პარლამენტმა არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების, ანუ უშუალოდ ვისზეც ეს კანონი გავლენას ახდენს, მათი ჩართულობა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ყველა საკომიტეტო სხდომა არის ღია, ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაესწროს საკომიტეტო სხდომის მიმდინარეობას და ამავე დროს პოზიცია დააფიქსიროს. აქ საუბარი იმაზეა და საოცრება ისაა, რომ ჩვენ რატომ არ შევუთანხმეთ კაპიტან გიგაურს, ლომჯარიას კანონპროექტები, რატომ არ ავიღეთ წინასწარი თანხმობა. შავით თეთრზე წერია, რომ წინასწარი თანხმობა არ გვქონია მათგან მიღებული. დაახლოებით ეს ისეთი ვარიანტია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ან ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, სანამ მივიღებთ, რომ შევუთანხმოთ წინასწარ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებსა და ნარკორეალიზატორებს. ამ აბსურდამდეა მისული ვენეციის კომისია, შესაბამისად, ამ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. მხოლოდ და მხოლოდ გამოყენებულია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მართული ტელევიზიებისა და მათ უკან მდგომი ე. წ. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების მიერ.

არავინ ეკითხება ვენეციის კომისიას, როგორი პოლიტიკური ლანდშაფტი ან გარემოა ქვეყანაში, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მათი ფუნქციაა სამართლებრივად შეაფასონ კონკრეტული კანონები ან კანონთა პაკეტი. მაგრამ ისინი პირდაპირ გადასულები არიან პოლიტიკურ შეფასებებში, რომლებიც პირდაპირ თანხვედრაშია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ წევრის მიერ გაჟღერებულ მათ შორის, უცხო ქვეყნის იურისდიქციაზე დაქვემდებარებულ, კაპიტანი გიგაურის ე.წ. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის“ პარტიულ ორგანიზაციასთან. როცა ისინი გვეუბნებიან, მათ შორის, ამავე დასკვნაში არის მითითებული, რომ ჩვენ ამ ქვეყნის არსიდან გამომდინარე დავწერეთ ეს დასკვნაო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისინი არიან მიკერძოებულები. სამართალი როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროსაბჭოს ნებისმიერ ქვეყანაში არის ერთი და იგივე, მიუხედავად ამისა, ისინი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით წერენ დასკვნებს და არა ზოგადად სამართლებრივ ჭრილში, რაც ხაზს უსვამს, რომ მათი დასკვნა არ არის სამართლებრივი შინაარსის, არის პოლიტიკური მექანიზმისთვის გამოსაყენებელი კარგი საშუალება მავანის თვალში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართული საზოგადოებისთვის ასეთ დასკვნებს ფასიც კი არ აქვს. მაშინ, როცა ვენეციის კომისია მაღალი რეპუტაციით გამოირჩეოდა წარსულში, ჩვენ მათთან არაერთხელ გვითანამშრომლია, ისინი გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან, საკუთარი მანდატიდან და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს იღებენ“,- განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ვენეციის კომისია „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ სხვა კანონებში, 2026 წლის მარტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონები არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან დაცვისა და განმტკიცების მიზანს. კომისიის შეფასებით, ამის ნაცვლად, იგი საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს აწესებს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან მიმართებით და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობის შენარჩუნებას.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში