საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოებაში მიღების საფუძვლები ფორმალურია, ამიტომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებას არ ნიშნავს - მაგრამ საქართველოს შემთხვევაში გასაგებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ საკმარისი ბერკეტები აქვს იმისათვის, რომ სასამართლოს მიაღებინოს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც მოისურვებს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “სოციალ დემოკრატიისთვის“ წევრმა, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს.
მისი თქმით, პარტიების აკრძალვა არის ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა დემოკრატიამ მიიღოს. ვახუშტი მენაბდის თქმით, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებისა, პარტიების ასაკრძალად ძალიან მყარი არგუმენტებია საჭირო.
„პარტიები ეს არის საზოგადოების ჯგუფების წარმომადგენლები პოლიტიკაში. როდესაც პარტიას კრძალავ, კრძალავ იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს მიზანშეწონილად. ანუ მოქალაქეებს ეუბნები, რომ მათი ხედვა პოლიტიკის შესახებ არ შეესაბამება კონსტიტუციას და მათ არ აქვთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება.
ერთ-ერთი გავლენიანი სასამართლო არის გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც ორი ძალიან ცნობილი საქმე არსებობს - „ნეოფაშისტური პარტიის“ საქმე და „კომუნისტური პარტიის“ საქმე. ორივე საქმე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელია. სასამართლო რამდენიმეასეული გვერდით ასაბუთებდა თუ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ეს პარტიები კონსტიტუციას.
პატიების აკრძალვისთვის მთავარი ამოსავალი წერილი არის ის, რომ კონსტიტუციას საფრთხე უნდა ექმნებოდეს.
ანუ, საუბარი იმაზე კი არ არის, რომ შენ ხელისუფლებას ან პარლამენტს არ აღიარებ, ან სასამართლოს კლანის მიერ კონტროლირებად მიიჩნევ, ან თუნდაც მთავრობის გადადგომას მოითხოვ, არა. აქ საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ შენ კონსტიტუციურ ფუნდამენტურ ღირებულებებს არ აღიარებ და გსურს და გინდა, რომ ძალადობრივად შეცვალო. ეს ასევე უნდა იყოს რომელიმე პარტიის პროგრამა და არა ცალკეული პირების პოზიცია. ამიტომ, ვერცერთ სტანდარტს წარდგენილი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს.
მწვავე კრიტიკოსი ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლების, მაგრამ თუნდაც ყველა პარტიაზე გქონდეს ის აზრი, რომ ისინი არასწორი იდეოლოგიის მატარებლები არიან, მათი ხედვა ამ ქვეყანას არ წაადგება ან პოლიტიკაში მიუღებელ, არაეთიკურ მეთოდებს იყენებენ, ეს მათ ასაკრძალად საკმარისი არ არის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ სამოქალაქო მშვიდობას ძირი გამოუთხაროს.
„ქართული ოცნების“ ამოცანაა ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო მშვიდობას. ის უპირისპირდება ქვეყნის უსაფრთხოებას არა მხოლოდ საგარეო კუთხით, არამედ საშინაო პოლიტიკური კუთხითაც - აღრმავებს შუღლს და პოლარიზაციას და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. ის მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, აგებულია საჯარო სამსახურზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, ძალადობასა და მუქარაზე.
ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის სოციალურ ქსოვილს არღვევს და ანადგურებს, რადგან სხვანაირად მას ხელისუფლებაში დარჩენა არ შეუძლია. დღესვე რომ წავიდეს მმართველი ძალა პოსტიდან, ძალიან დაზიანებული საზოგადოება დაგვრჩება. იმდენად ღრმა ფენებშია პოლარიზაცია, რომ ადამიანები ერთმანეთს გადაკიდეს. ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან სწრაფად მოახერხა, 2 წელიწადში პოლარიზაცია მაქსიმალურად ჩაიტანა საზოგადოებაში“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მის თქმით, „დღევანდელი მოცემულობით ყველა მოსამართლე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ინიშნება, კლანის ნაწილი და სასამართლო კლანის შემადგენელია. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასა“ და კლანს შორის გარიგება ასეთია, რომ მხოლოდ საერთო სასამართლოებში კი არა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კლანის წევრები იყვნენ წარმოდგენილნი“.
„ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არსებობდა სხვადასხვა ეტაპი - პირველი, როცა ვერ აკონტროლებდა საკონსტიტუციო სასამართლოს. შემდეგ, 2016 წელს, მოსამართლეთა გადმობირება, შემდეგ კი დაიწყო დანიშვნები. მაგრამ, რადგან პრეზიდენტი უკვე „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აღარ ატარებდა და პარლამენტსა თუ კლანს შორის ურთიერთობის ყველა ასპექტი ბოლომდე არ იყო გარკვეული, ეს სამივე შტო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აკომპლექტებს, საკუთარ პოლიტიკას ატარებდა. პრეზიდენტი ნიშნავდა იმას, ვინც დამოუკიდებლად მიაჩნდა. პარლამენტმა დანიშნა საკუთარი ინტერესების გამტარებელი, ხოლო კლანი ნიშნავდა იმ ხალხს, ვისზეც ფიქრობდნენ, რომ საბოლოოდ ძალაუფლების განმტკიცებაში გამოადგებოდათ. ერთი გათვლა ჩაუვარდათ ბატონ ტუღუშზე, რომელიც ერთ-ერთი დამოუკიდებელი მოსამართლე იყო. განსაკუთრებით ბოლო წლებში მისი განსხვავებული აზრი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვებას, ვახუშტი მენაბდის აზრით, მის მიერ გადადგმული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით კი არ უნდა აიხსნას, არამედ ეს შიდა და გარე წნეხთან, ასევე მოსალოდნელი სანქციების შიშთან უნდა იყოს დაკავშირებული.
„ვნახეთ მოსამართლე მანანა კობახიძის გადადგომა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე მოითხოვა საქმისგან თვითაცილება, მაგრამ არ დაუკმაყოფილეს. მხოლოდ ერთი მოსამართლე, გოცირიძე დაეთანხმა მას, დანარჩენებმა კი უთხრეს, რომ ფაქტობრივად, მან მონაწილეობა უნდა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მას ჰქონდა სამი არჩევანი, შეერთებოდა გადაწყვეტილებას, რომლის შინაარსიც მისთვის ცნობილია, დაეწერა განსხვავებული აზრი, ან წასულიყო - რაც გააკეთა კიდეც. მას ან ხელი უნდა მოეწერა, ან უნდა გადამდგარიყო.
ჩემი აზრით, მთავარი შიში არის ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების განწყობა. რადგან, თუ მას ჰქონდა იმის ძალა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობა დაეცვა, ეს განსხვავებული აზრის დაფიქსირებით უნდა გაეკეთებინა. თუმცა, იქამდეც ვიცით ბევრი სხვა საქმე, რომლებზეც ხელი აქვს მოწერილი და რომლებიც ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ძალაუფლების კონსოლიდაციას უწყობს ხელს. ამიტომ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით არ ავხსნიდი მის გადადგომას. ეს უფრო მეტად დაკავშირებულია შიდა და გარე წნეხთან, მათ შორის, სანქციების შიშთანაც“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.