ნინო კალანდაძე - ოპოზიციის აკრძალვა ის წითელი ხაზია, რომლის შემდეგაც თეორიულ დემოკრატიაზე საუბარიც კი შეუძლებელია - უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსამართლეების მიმართ პარტნიორები ულმობლები იქნებიან, ისინი სანქცირებულთა რიცხვს დაემატებიან

პარტიების აკრძალვა მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა, პარტიების გაუქმება შედის არა უშუალოდ ივანიშვილის, არამედ რუსეთის პირდაპირ ინტერესში, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და „ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას იწყებს.

ნინო კალანდაძის შეფასებით, რუსეთი ცდილობს, რომ მკაფიო ხაზი გაავლოს დასავლეთისა და რუსეთის გავლენებს შორის, ახლა კი ეს ხაზი საქართველოზე უნდა გავიდეს.

„ბიძინა ივანიშვილის ასპარეზზე გამოჩენის პირველივე დღიდან ვთვლიდი, რომ ის რუსული პროექტი იყო არა იმ გაგებით, რომ ვინმე საკუთარ პოლიტიკას გაატარებდა რუსულ ინტერესებთან თანხვედრაში, არამედ იმ გაგებით, რომ ის იქნებოდა მოსკოვიდან მართული. 14 წლის განმავლობაში ამ მოსაზრებაში ეჭვი არ შემიტანია.

ჩვენ ვსაუბრობთ დეკლარირებულ პარტიებზე, რომლებსაც აქვთ პოზიცია, რომ პროდასავლური პარტიები არიან. ამით ივანიშვილი აპირებს არა მხოლოდ ოპონენტების აკრძალვას, არამედ ის აუქმებს პროდასავლურ ნიშას და ამომრჩეველს არ უტოვებს საშუალებას, რომ ქვეყანაში პროდასავლური იდეოლოგიისა და ხედვის წარმომადგენლობითობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს თეორიულად, ხოლო პრაქტიკულად საქართველოში დიდი ხანია არჩევნები აღარ ტარდება ივანიშვილის პირობებში, 2022 წლის შემდეგ კი, რაც რუსეთმა რეგიონში ძალების სრულმასშტაბიანი კონსოლიდაცია დაიწყო, არჩევნებზე საუბარი საერთოდ აღარ ყოფილა.

პარტიების გაუქმება შედის არა უშუალოდ ივანიშვილის, არამედ რუსეთის პირდაპირ ინტერესში. საქართველოს ისტორიიდან რომ ამოიღოს ის ნაწილი, რომელიც მის ევროპულობას უკავშირდება და იმის აღქმას, რომ ევროპა მისი იდენტობის ნაწილია. ამის ამოღება, ისტორიის სახელმძღვანელოების შეცვლა და იმ მონოპოლიზებული პოლიტიკის შემუშავება, თუ ვინ გააკონტროლებს საქართველოს ისტორიას, ეს მცდელობა თბილისში შექმნილი სტრატეგია არ არის. ეს არის კრემლში შექმნილი სტრატეგია, რომელიც უნდა გავრცელდეს პოსტსაბჭოთა სივრცესა და იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნება და დასავლეთისგან მთლიანად ჩამოშორება სურს. ანუ, სურთ მკაფიო ხაზი გაავლონ დასავლეთსა და რუსეთის გავლენის სფეროებს შორის და ეს ხაზი ახლა საქართველოზე უნდა გავიდეს, ამისთვის კი ბიძინა ივანიშვილი სჭირდებათ.

ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მკვდარია. იქ, სადაც ადამიანი კამპანიას ვერ ატარებს ისე, რომ „ტიტუშკები“ არ დახვდნენ, იქ, სადაც ლიდერები ციხეში ან დევნილობაში არიან, სადაც პოლიტიკური მძიმეწონიანი მოთამაშეები განეიტრალებულები არიან, სადაც მედიაზე წვდომა უკიდურესად შეზღუდულია და მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციურ მოთამაშეებს ტრიბუნა დაუთმოს, იქ, სადაც ფინანსებზე წვდომა არ არის, პოლიტიკური პროცესი ვერ განვითარდება“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ საქართველოში „თეორიულ დემოკრატიაზეც“ საუბარი შეუძლებელი იქნება.

„პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა ის წითელი ხაზია, რომლის შემდეგაც თეორიულ დემოკრატიაზე საუბარიც კი შეუძლებელია. დემოკრატიული ჩარჩო უქმდება, რაც ნიშნავს, რომ მყარდება ერთპარტიული მმართველობა. ფორმალურადაც ისეთი არჩევნები იქნება, როგორიც სხვა დიქტატორულ სახელმწიფოებში ტარდება და ამ ნაბიჯით სწორედ ამის ფორმალიზება და დეკლარირება მოხდება.

საქართველო, მიუხედავად კანდიდატის სტატუსისა, დიდი ხანია აღარ არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი. 2024 წლის შემდეგ საქართველო გაფართოების ნაწილი აღარ არის, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამას არსებითი გავლენა ვერ ექნება. ივანიშვილის პირობებში საქართველოს ფორმალურად სხვა ეტაპზე გადაყვანა არც განიხილება. აუდიტორია, რომელსაც პუტინი ივანიშვილის ენით ესაუბრება, არის მოსკოვი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც ეუბნება, რომ საქართველოზე გაივლის ის ზღვარი, რომელიც გაყოფს დასავლეთსა და რუსეთს.

დადგა დრო, როდესაც დასავლეთის ადგილი საქართველოში აღარ არის, ამიტომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და ის კვალი, რომელიც დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლიდანვე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე, ანუ იმ იდეის გაუქმებაზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ განასახიერებდა, დასავლურ რეფორმებს, პროევროპულ ინტეგრაციას, დასავლურ კურსს, ქვეყნის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოქცევის პოლიტიკასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სტრატეგიას. სწორედ ამიტომ ხდება იმ პერიოდისა და იმ სუბიექტების აგრესიული დემონიზაცია, რომლებიც ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

როგორც ნონო კალანდაძე აცხადებს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება, დასავლეთის რეაგირების გარეშე არ დარჩება, ასევე მისივე თქმით, ბიძინა ინანიშვილთანაც „გამწვავდება“ ურთიერთობები.

„საქართველოსთან ურთიერთობები არ გაუმჯობესდება, დიალოგის აღდგენის პერსპექტივა კიდევ უფრო გაუარესდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ევროპული ინსტიტუტები ულმობლები იქნებიან, რადგან ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც, ივანიშვილის დავალების მიუხედავად, ინდივიდუალურად იღებს ყველა მოსამართლე. მაღალი ალბათობით, მოსამართლეების ეს ნაწილი სანქცირებული მოსამართლეების რიცხვს დაემატება. ფაქტია, რომ დასავლეთის რეაგირების გარეშე ეს გადაწყვეტილება არ დარჩება. დასავლეთთან ურთიერთობის პროცესები გაყინულია და რაც უფრო მაღალ ხარისხში გადავა ავტორიტარული კონსოლიდაცია, მით უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებით დასავლეთში ეკონომიკური ინტერესი გაჩნდეს. ასევე ვვარაუდობ, რომ კონკრეტულად ივანიშვილთანაც გამწვავდება ურთიერთობები, პრაქტიკულად დიაგნოზი დასმულია, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ პატიმრებსა და პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები დასავლეთთან ვაჭრობისთვის სჭირდებოდა“. მისივე შეფასებით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მმართველმა პარტიამ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ვადა გაახანგრძლივა. მაგრამ დასავლეთი არ „წამოვიდა“ იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგები ეღიარებინა, რაც შემდგომში მმართველი პარტიის ლეგიტიმაციას გამოიწვევდა.

„ქართული ოცნება“ მაინც აკრძალავდა, რომც მიეღო ის, რაც ევროკავშირისგან უნდოდა. ივანიშვილი, ისევე როგორც რუსეთი, დახელოვნებული ოსტატია იმაში, რომ დასავლეთთან პირობები არ დაიცვას. ეს არ გაგვიკვირდებოდა, გვახსოვს შარლ მიშელის შეთანხმება, რომელიც ივანიშვილმა გადათქვა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ზოგიერთი მათგანი რუსული დავალების პატიმარია, ზოგი კი სავაჭრო ბერკეტად გამოსაყენებელი. პარტიებთან მიმართებით პოლიტიკაც ვაჭრობის საგანი იყო, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გარკვეული პერიოდით გადაავადეს დაანონსებული აკრძალვა და დასავლეთთან დიალოგისთვის სივრცე დაიტოვეს. ამის შედეგად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დასავლეთი მზად იყო გარკვეული ტიპის დიალოგზე წამოსულიყო, მაგრამ არა იმ საკითხებში და იმ ფორმით, რაც ივანიშვილს უნდოდა.

ივანიშვილი ყველა მოლაპარაკებაში აყენებს საკითხებს თავის ფულზე, გაყინულ ანგარიშებსა თუ ქონების დაბრუნებაზე და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობს თავისი კონკრეტული პირადი თუ ფინანსური ინტერესებისთვის. ამ ეტაპზე ევროკავშირისთვის წითელი ხაზია, რომ 2024 წლის არჩევნები ლეგიტიმურად ცნონ და შესაბამისად, ხელისუფლებაში მყოფი ძალაც ლეგიტიმურად გამოცხადდეს, ამაზე კი დასავლეთი არ მოდის“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში