არ არის სწორი ამ მოვლენის გაუბრალოება და თქმა, რომ არაფერი შეიცვლება პარტიების აკრძალვის შედეგად და რომ ეს ოპოზიციას ვერ გაანადგურებს.
სჯობს, სერიოზულად მივუდგეთ და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს მათი მხრიდან, რომ საერთოდ არ გაქრეს შანსი ოდესმე ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ლევან ნატროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პარტიების აკრძალვის მცდელობა არა მათ სისუსტეზე, არამედ პირიქით მმართველი გუნდის შიშზე მიუთითებს, რომ შემდეგ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდებათ.
„სრულიად მიუღებელია ეს დამოკიდებულება პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ და ზოგადად პოლიტიკური პარტიების მიმართ, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. ფაქტობრივად, ისინი კონკურენტებს იშორებენ ამ ბინძური მეთოდებით. ის, რაც დღეს პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, სხვა არაფერია, თუ არა ბინძური მეთოდები. თუ გავეცნობით საკონსტიტუციო სარჩელს და მის შინაარსს, დავრწმუნდებით, რომ ეს პროცესი არის უკიდურესად მოტივირებული პოლიტიკურად და სურვილი არის ერთადერთი, მეტ-ნაკლებად ძლიერი კონკურენტი არ ჰყავდეს არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“. ეს კი სრულიად წინააღმდეგობაში არის საერთაშორისო სტანდარტებთან, დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ არის, როდესაც კონკურენტებს იშორებ. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის მექანიზმი, მათ შორის დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ ის არის ძალიან მკაცრად დავიწროებული და დარეგულირებული. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ხდება ხოლმე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. ჩვენს შემთხვევაში რასაც ვხედავთ, ის მოტივაცია, რაც თითქოსდა აქვს „ქართულ ოცნებას“, არის სრულიად ანტიკონსტიტუციური, უსაფუძვლო და მეტი არაფერი.
თუ ოპოზიცია განულებულია და საფრთხეს არ წარმოადგენს, მაშინ აკრძალვა რა საჭიროა? როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ არის უკიდურესი შიში იმისა, რომ შესაძლოა შემდეგ არჩევნებზე მათ ადვილად ვერ გაიმარჯვონ. ამ გზით ცდილობენ უბრალოდ გააუქმონ პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია ქვეყანაში, შემდეგ უკვე მარტივად, ფორმალურად ჩაატარონ არჩევნები, რომელიც არ იქნება თავისი შინაარსით არჩევნები. როდესაც მთავარი პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან, ცხადია, ეს არ იქნება ნამდვილი არჩევნები. არ მაქვს ცხადი პასუხი, რატომ დაჩქარდა ეს პროცესი, სავარაუდოდ, ეს შიდასაკითხებს ეხება. შეიძლება რაღაც მოლოდინები ჰქონდათ, რომ დალაგდებოდა ურთიერთობები აშშ-თან, ცხადია, ეს სპეკულაციებია. არავინ იცის ზუსტად, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ტრიგერი იყო, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატა იმაში, რომ დაჩქარდა ეს პროცესი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეიძლება იანვარში ყოფილიყო ეს პროცესი დასრულებული, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მალე დასრულდეს“, - განმარტა ნატროშვილმა.
„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის თქმით, პარტიების სავარაუდო აკრძალვის პროცესის შეფასებისას შეცდომაა იმის თქმა, თითქოს ეს ოპოზიციას ვერ გაანადგურებს და ვითარებას არ შეცვლის. მისი განმარტებით, „პოლიტიკური პარტიების გამოთიშვა საარჩევნო პროცესიდან, ქვეყანაში პლურალიზმს მძიმე დარტყმას მიაყენებს“, რის გამოც ოპოზიციამ პროცესებს სერიოზულად უნდა შეხედოს და საპასუხო ნაბიჯებზე იფიქროს.
„არ არის სწორი ამ მოვლენის გაუბრალოება და თქმა, რომ არაფერი შეიცვლება პარტიების აკრძალვის შედეგად და რომ ოპოზიციას ვერ გაანადგურებს და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ხდება ქვეყანაში ამ ნაბიჯით. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, არჩევნებზე, ხელისუფლების ცვლილებაზე და ასე შემდეგ, კარგად უნდა გავითავისოთ, რომ პოლიტიკური პარტიები არიან მთავარი მოთამაშეები ამ პროცესებში. თუ მათ ფაქტობრივად, ფორმალურადაც კი არ ექნებათ საშუალება, რომ ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ, დარეგისტრირდნენ საარჩევნო სუბიექტებად, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესებში… არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა და შემდეგ იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც შენ გქონდა შენს საარჩევნო პროგრამაში, ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რაც არსებობს, წესით, დემოკრატიულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ამ შესაძლებლობის წართმევა, ცხადია, რომ ძალიან სერიოზულ დარტყმას მიაყენებს საქართველოში პოლიტიკურ პლურალიზმს. რა თქმა უნდა, დარჩებიან კონკრეტული ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებმაც შეიძლება გააგრძელონ არსებობა, მაგრამ მათი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე იქნება გაცილებით უფრო მცირე. ეს სერიოზული საკითხია და სჯობს, რომ სერიოზულად მივუდგეთ და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს მათი მხრიდან, რომ საერთოდ არ გაქრეს შანსი ოდესმე ამ ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების”, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.