საუბარი მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ორმხრივ შეხვედრაზე და მკაფიოდ ავუხსენი ჩვენი პოზიცია- მანამ, სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ისინი ჩვენს დელეგაციას ვერ იხილავენ საპარლამენტო ასამბლეაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რომში, ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ხალხის ნდობას ასუსტებს, არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც, პაპუაშვილის შეფასებით, ძირი გამოუთხარა ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპს მაშინ, როდესაც არ აღიარა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება.
„უპირველეს ყოვლისა, ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო როგორც იმ სესიებით, სადაც შესაძლებლობა გვქონდა მიგვემართა ევროპის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებისთვის. დღევანდელი სესიაც შეეხებოდა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის მორღვევას და მე ხაზი გავუსვი, რომ ეს რღვევა იწყება, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ნდობა მცირდება და მნიშვნელოვანი იყო აქ გვესაუბრა სწორედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების თანდასწრებით, რომ ერთ-ერთი, ვინც ამ ნდობას ასუსტებს, არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ძირს უთხრის ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპს, მაშინ, როდესაც არ აღიარა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილება. ამასთან დაკავშირებით საუბარი მქონდა, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ორმხრივ შეხვედრაზე და მკაფიოდ ავუხსენი ჩვენი პოზიცია- მანამ, სანამ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი შელახული იქნება საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან, ისინი ჩვენს დელეგაციას ვერ იხილავენ საპარლამენტო ასამბლეაზე. დროა, რომ ასამბლეა დაუბრუნდეს დემოკრატიის პატივისცემას, ხალხების უფლების პატივისცემას, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და რა მომენტშიც დაუბრუნდებიან საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, იმ მომენტიდან, ჩვენი დელეგაცია იქნება წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეაში. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა ორმხრივი შეხვედრების ორი დღის განმავლობაში ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის, იტალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველა შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გვესაუბრა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობაზე იმ ფონზე, როდესაც ბრიუსელს დღეს კონფრონტაციული რეჟიმი აქვს არჩეული და ბლოკავს არა მხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, არამედ, მათ შორის, მაღალი დონის ურთიერთობებს საქართველოსთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.