რამდენადაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“, რომ კორუფციაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ყოფილ თანაგუნდელებს გადააბაროს, ეს არ გამოვა - პასუხისმგებელი მთელი რეჟიმია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძისა და კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების ნდობა იმ დონემდე დაკარგა, რომ “ხალხს უკვე აღარაფერი უკვირს, მათ შორის გარდაცვლილი პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიისთვის გამოყოფილი თანხების შესაძლო ათვისებაც”.
“ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ფსკერის ფსკერზე იმყოფება დღევანდელი “ოცნება” და ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ არავის ქართულ საზოგადოებაში, ჩვენს მოქალაქეებში, საერთოდ ეჭვიც კი არ ეპარებათ და ეჭვის ნატამალიც არ შეაქვთ იმაში, რომ ეს მართლაც შეიძლებოდა ეკადრა “ოცნებას”, რომ გარდაცვლილი პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიისთვის გამოყოფილი ფულიც კი მოეპარათ. როდესაც ბავშვების ფულს იპარავ საბავშვო ბაღებიდან, როდესაც შენი ჯარის ფულს იპარავ, როდესაც უპოვართათვის გამოყოფილ დღეში ლარ-ნახევრიდან, აი, ამ ელემენტარული საკვებისთვის გამოყოფილი ფულიდანაც კი რომ იპარავ, ამის მერე უკვე არაფერი გასაკვირი აღარ არის. ამ ფსკერზე დაეშვა “ოცნება” და არა მხოლოდ ვიღაც კონკრეტული მინისტრი რუხაძე და მისი მფარველი ბატონი მდინარაძე. ეს ამბავი არც რუხაძეზე გაჩერდება და არც სხვაზე. ეს სია გრძელია. ძალიან სამწუხაროა, რომ “ოცნება” ამ დონეზე დაეშვა. ხომ შეიძლება კითხვა დასვა და თქვა, რომ ამას როგორ იკადრებდნენ? დიდი ბოდიში, მაგრამ ამას არავინ აღარ ამბობს. იმიტომ, რომ “ოცნებისგან” უკვე ყველაფერი მოსალოდნელია.
ჩვენ როცა ვამბობდით, რომ მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში არ არის რომელიმე კონკრეტული მაღალჩინოსნის კორუფცია, არამედ მთავარი პრობლემა არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია და ამ სისტემურ პოლიტიკურ კორუფციაზე პასუხისმგებელი არის “ოცნება”და რამდენადაც არ უნდა ეცადოს, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანოს მხოლოდ მათ ყოფილ თანაგუნდელებზე, არ გამოვა ეს, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის შევახსენებთ, რომ სწორედ “ოცნება”, ანუ მთელი რეჟიმი არის პასუხისმგებელი აი, ამ კორუმპირებული მაღალჩინოსნების საქციელზე, მათ შორის ამ საქმეზე, რაც ჯერ გამოსაძიებელია, რა თქმა უნდა , მაგრამ თუ დადასტურდა, ეს უმძიმესი ბრალი იქნება “ოცნებისთვის”, - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, “კულტურის პალატის“ ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა პროკურატურას ფეისბუქ-პოსტით მიმართა და ყოფილი კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების განკარგვის შესწავლა მოითხოვა. მისი თქმით, ყოფილი მინისტრი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დევნიდა და პროექტებს უბლოკავდა, ხოლო მისი მფარველი მამუკა მდინარაძე იყო. ოქიტაშვილის განცხადებით, მათ მმართველი გუნდი დააზიანეს, რის გამოც საქმეზე პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ელოდება.