შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე - ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც წლების განმავლობაში ვითმენდით, რადგან უცხოური აგენტურა დაკავებული იყო ხალხის ნების ჩანაცვლებით

მე ვისურვებდი, რომ ყველამ [ოპოზიციურმა პარტიებმა] მიიღოს მონაწილეობა [საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში] იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარტიების აკრძალვის პროცესთან დაკავშირებულ სარჩელზე ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს „ქართული ოცნების’ იმ არგუმენტს, რითაც მმართველი პარტია 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს.

„რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას ღალატობს და იციან, რომ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება? ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.

მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 1990-იან წლებში. პროცესები წინ არის, ჩვენ, ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „ლელოს“ განცხადებას, რომელიც აღნიშნულ პროცესთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას ითხოვს, პაპუაშვილის შეფასებით, ამით „პატრონებს ეფარებიან“.

„გასაგებია, ისევ თავიანთ პატრონებთან მიდიან, რომ მათ შეეფარონ, გასაგებია!. სად არის, დღეს, „ლელოს“ თავმჯდომარე, ხაზარაძე? უცხოეთში. სად არის გახარია? უცხოეთში. სად არის ვაშაძე? უცხოეთში. ყველა არის არ საკუთარ სამშობლოში, არამედ არიან საკუთარ პატრონების მფარველობის ქვეშ. საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? უცხოეთში. ეს არის საუკუნის პროცესი, რომელიც აჩვენებს იმ დიდ სირცხვილს, რომელსაც საზოგადოება, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვითმენდით, როდესაც ჩვენს თვალწინ უცხოური აგენტურა დაკავებული იყო საქართველოში ქართველი ხალხის ნების ჩანაცვლებით უცხო ხალხის და ხელისუფლებების ნებით. ამ ყველაფერს ვითმენდით და იმიტომ, რომ იყო მნიშვნელოვანი ზეწოლა გარედან საქართველოზე და არ იყო ის რესურსი, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ ზეწოლისთვის წინააღმდეგობა გაეწია. დღეს ეს მომენტი მოვიდა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ტარდებოდეს უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი, როგორც ამას აკეთებს „ლელო“, გვარამია, თუ სხვები, რომლებიც უცხო ქვეყნების მტრულ დღის წესრიგს ატარებენ საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის კრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს იწყებს. მოსარჩელე მხარე „ქართული ოცნებაა’.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს