რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დამყარებულიყო, ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო - ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განაგრძობს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და ამ მიზნით 38 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს.
პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ეს შეფასება, საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკასთან შედარებითაც კი სამარცხვინოა.
„ვნახე მე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომ 38 მილიონი ევროს დაფინანსება გამოვყოფთო და არა სახელმწიფოსო, არამედო ხალხს, პირდაპირ დავეხმარებითო. მე მინდა ყველამ სერიოზულად გავიაზროთ, რა გვითხრა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამ, როს მას სურს პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან და არა სახელმწიფოსთან. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ამით ფაქტობრივად გვითხრა, რომ ის აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ჩვენ გვაცხადებს პირველყოფილ თემურ წყობილებად, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო, არ არსებობს წარმომადგენლობა და ესენი პირდაპირ ვიღაცას უნდა ეკონტაქტებოდნენ. ეს არის სამარცხვინო პოზიცია, რომელიც რუსეთის საქართველოს მიმართ პოლიტიკასთან შედარებითაც კი არის სამარცხვინო იმ მხრივ, რომ აუქმებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ფაქტობრივად, გვიცხადებს, რომ ევროკავშირის თვალში საქართველო არის პირველყოფილი თემური წყობილება და სხვადასხვა თემთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ევროკავშირის წარმომადგენელს. სირცხვილია, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ამ შუა საუკუნეების ღირებულებებამდე დაეშვა და მოიცილა ყველაფერი, რაც გულისხმობს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოს პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას და საერთოდ, რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დამყარებულიყო, ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო და გადაწყვეტილება მიიღოს. სირცხვილია და ეს სირცხვილი, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა“.- განაცხადა პაპუაშვილმა.