მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რეალობა - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის, რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს! - ჩვენი ქვეყანა თავის მიზნების მისაღწევად თავისი ლოგიკით უნდა განვითარდეს, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ ნებისმიერი, ვინც ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ტყუის.
“მნიშვნელოვანია, რეალურად შევხედოთ სამყაროს და ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ერთი რამ ვიცოდეთ - ნებისმიერი, ვინც გაფართოებასთან დაკავშირებით ერთ კონკრეტულ თარიღს ასახელებს, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ტყუის.
დღეს ვერავინ ვერ დაასახელებს თარიღს, წელს, როდესაც ევროკავშირის გაფართოება იქნება და ვერ დაასახელებს, რომელიც ქვეყნების მოხვდება ამ გაფართოებაში. ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია.
საზოგადოებას აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ გაფართოება მოხდება და ევროკავშირის წევრების გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ რეალობა იცოდეს - არავინ დღეს და ხვალ ევროკავშირის გაფართოებაზე არ ფიქრობს და დიდი კითხვის ქვეშ არის რა გადაწყვეტილება იქნება 2030 წელს.
კითხვის ქვეშ არის საერთოდ, რა სახეს იღებს ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თამაშის პროცესში წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და რაღაც მეორე ხარისხოვანი წევრები იქნებიან. ეს ის პროცესია, რასაც არც ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკუსია და არც ქვეყნის განვითარება არ უნდა გადავაყოლოთ. ჩვენი ქვეყანა თავის მიზნების მისაღწევად თავისი ლოგიკით უნდა განვითარდეს - ეკონომიკის გასაძლიერებლად და ქვეყნის გასაერთიანებლად. ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა კისერი წავიტეხოთ, როგორც ამას ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა აკეთებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.