გიორგი კაპანაძე - „ოცნება“ ცდილობს შეუერთდეს იმ სასტიკ რეჟიმებს, რომლებმაც ოპოზიციური პარტიები აკრძალეს - ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ეს ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობაა

„ოცნება“ ცდილობს შეუერთდეს იმ სასტიკ დიქტატორებს და რეჟიმებს, რომლებმაც ოპოზიციური პარტიები აკრძალეს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის დაკრძალვის მცდელობის პროცესი. ეს არის კრემლში დაწერილი ანტიქართული სცენარი, რომელიც თუ არ შევეწინააღმდეგებით, აფხაზეთის აღიარებით დასრულდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ დღეს გააუქმებენ ოპოზიციურ პარტიებს, ხვალ გააუქმებენ თითოეული მოქალაქის მომავალს პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

„თუ დღეს აკრძალავენ ოპოზიციას და დააკანონებენ კრემლში დაწერილ სცენარს, ხვალ აკრძალავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დააკანონებენ სამაჩაბლოს ანექსიას.

აკრძალავენ ილიას იდეებს და დააკანონებენ ფილიპე მახარაძის იდეებს. აკრძალავენ ანწუხელიძეს და დააკანონებენ სერგო ორჯონიკიძეს. აკრძალავენ გმირობას და დააკანონებენ ღალატს.

ეს გზა ერთხელ უკვე გავიარეთ, როდესაც მოღალატე ქართველების აქტიური მოქმედებებით გაგვიუქმეს დამოუკიდებლობა, წაგვართვეს ავტოკეფალია, დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს დისიდენტები, პოლიტიკოსები, მწერლები, პატრიოტები. აკრძალეს პატრიოტული ორგანიზაციები.

ახლაც იგივე წრეზე გვაბრუნებენ. დაიწყეს ევროპული გზის ჩახერგვით, აგრძელებენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და მათი მიზანია, დაასრულონ ქართული ტერიტორიების გასხვისებით.

და თუ თვლით, რომ პოლიტიკა თქვენ არ გეხებათ ან პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოთ, რეჟიმი უკვე შეგეხოთ თქვენ და ჩაერია თქვენ ცხოვრებაში, წაგართვათ კონსტიტუციური უფლებები და ახლა გიუქმებენ მომავალს.

ამიტომ, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების დღევანდელი და ხვალინდელი დღე, გადამწყვეტია პროტესტში მონაწილეობა.

მიზანია ერთად ერი, პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად“,- განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის კრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას 21 ოქტომბერს იწყებს. მოსარჩელე მხარე „ქართული ოცნებაა’.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს