ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი პარტნიორების მხრიდან თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება ამჯერადაც არ ყოფილა - რუსეთს კი სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას სთავაზობენ - ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პარტნიორებს ქვეყანა რუსეთის ბალისტიკური თავდასხმის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.

„ღამის განმავლობაში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით რამდენიმე ტალღად განახორციელა იერიში; ჩვენი

პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება ამჯერადაც არ ყოფილა”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, რუსების სამიზნე კვლავ ენერგეტიკულ ობიექტები და ინფრასტრუქტურა იყო. ასევე დაზიანდა სამედიცინო კლინიკა, სკოლა, მეტროს სადგური და საცხოვრებელი სახლები. ჯამში, რუსეთმა კიევსა და კიევის ოლქზე თავდასხმისას 16 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გარდა ამისა, გამოიყენა 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი, მათ შორის - რეაქტიული ძრავების მქონე „შაჰედები“.

ზელენსკის განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა ხარკოვისა და დნიპროს ოლქებიდან დაწყებული - ვოლინის, რივნესა და ოდესის ოლქებით დამთავრებული. არიან დაღუპულები.

„ღამით და დღეს დილით რუსეთმა იერიში მიიტანა ენერგეტიკულ ობიექტებზე ვინიცის, ვოლინის, კიროვოგრადის, კიევის, მიკოლაივის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ტერნოპოლის, ოდესისა და რივნეს ოლქებში. მხოლოდ ამ ერთ ღამეში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 10-ზე მეტი ობიექტი, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სულ მცირე, 550 000 ოჯახი. ადგილებზე სარემონტო ბრიგადები მუშაობენ”, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინას არასდროს სურდა ეს ომი და ცეცხლის შეწყვეტის ყველა წინადადებას უპასუხა.

„უკრაინას ეს ომი არასდროს სურდა და ჩვენ მივესალმებით ჩვენი პარტნიორების ფაქტობრივად ყველა მცდელობას, რომ ეს ომი ღირსეულად დასრულდეს. დადებითად ვუპასუხეთ ცეცხლის შეწყვეტის ყველა წინადადებას. რუსეთის პასუხი კი, ყოველ ჯერზე, ბალისტიკური რაკეტები, „შაჰედები“ და მკვლელობები იყო. პუტინს არა მხოლოდ არ სურს ამ ომის დასრულება, არამედ დეესკალაციისკენ რაიმე ნაბიჯის გადადგმაც კი არ სურს. ჩვენმა თითოეულმა პარტნიორმა ეს საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც რუსეთისგან უარი მიიღო. უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: აგრესორს - აგრესორი ვუწოდოთ და დავეხმაროთ უკრაინას სიცოცხლის დაცვაში. როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების მიწოდება ბლოკირებულია, ხოლო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას სთავაზობენ - ეს, სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფაა. რეალობა კი ისაა, რომ ომი გრძელდება და ის გრძელდება მხოლოდ რუსული დარტყმებისა და რუსეთის სურვილის გამო, რაც შეიძლება მეტხანს გააჭიანუროს ეს ომი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აცნობიერებს ამ რეალობას და ეხმარება უკრაინას!“, - წერს ზელენსკი.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს