Tax Foundation – თამბაქოს არალეგალური ბაზარი აშშ-სა და ევროკავშირში საბიუჯეტო დანაკარგებს ზრდის

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია Tax Foundation აშშ-სა და ევროკავშირში თამბაქოს არალეგალური ბაზრის გავლენებზე გამოაქვეყნა კვლევები, რომელთა შემაჯამებელ სტატიებში საუბარია საგადასახადო პოლიტიკასა და არალეგალური ბაზრის ზრდად გამოწვევებზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის დანაკარგებზე ყოველწლიურად აისახება.

Tax Foundation-ის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2007-2023 წლებში სიგარეტის კონტრაბანდის გამო, აშშ-ის ჯამურმა ზარალმა 83.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად საშუალოდ, 4.93 მილიარდი დოლარის ოდენობით დაკარგულ საბიუჯეტო შემოსავალს შეადგენს. მხოლოდ 2023 წელს, აშშ-მა არალეგალური იმპორტის გამო 4.4 მილიარდ დოლარზე მეტით იზარალა. კვლევაში აღნიშნულია, რომ კონტრაბანდის გამო ფინანსური ზარალი სულ 32 შტატის ბიუჯეტს მიადგა, საიდანაც ყველაზე მეტი შემოსავალი დაკარგეს ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთების მქონე ისეთმა შტატებმა, როგორიცაა: ნიუ-იორკი - 21.95 მილიარდი დოლარი; კალიფორნია - 14.27 მილიარდი დოლარი; ტეხასი - 7.50 მილიარდი დოლარი; ვაშინგტონი - 4.50 მილიარდი დოლარი და მიჩიგანი - 4.39 მილიარდი დოლარი.

Tax Foundation-ის მიხედვით, მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ევროკავშირშიც. სტატიის ავტორები განმარტავენ, რომ 2024 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 40 მილიარდამდე კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული სიგარეტი მოიხმარეს, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტებმა ჯამურად 14.9 მილიარდი ევროს (დაახლოებით, 16.2 მილიარდი დოლარის) ოდენობით საგადასახადო შემოსავალი დაკარგეს.

შემაჯამებელ სტატიებში საუბარია თამბაქოს მოხმარების ტენდენციაზეც, რომელიც ავტორების თქმით, მცირდება. კვლევის მიხედვით, ბოლო 50 წლის განმავლობაში სიგარეტის მოხმარება სტაბილურად იკლებს, რის გამოც ფიქსირებული საგადასახადო განაკვეთების პირობებში ბიუჯეტში შესული შემოსავლები მცირდება. „აღნიშნული დანაკლისის შევსებას კი აშშ-ის შტატების ნაწილი ხშირად აქციზის გადასახადის პერიოდული მატებით ცდილობს, რაც მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა - საბოლოოდ, გადასახადების ზრდა ლეგალურ მოხმარებას კიდევ უფრო ამცირებს, ხოლო დარჩენილი მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ბაზარზე გადადის“.

სტატიების ავტორები განმარტავენ, თუ როგორ ხვდება თამბაქოს ნაწარმი არალეგალურად სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. მათი თქმით, აღნიშნულს ახალისებს მაღალი აქციზური განაკვეთები და სხვადასხვა რეგიონს შორის არსებული საგადასახადო სხვაობები. კერძოდ, ფიზიკური პირები თამბაქოს ნაწარმს ყიდულობენ დაბალი აქციზის გადასახადის მქონე ქვეყნებში ან შტატებში (მაგალითად, აშშ - ნიუ-ჰემფშირი; ევროპა - ბულგარეთი) და პირადი მოხმარების მიზნით გადააქვთ ისეთ რეგიონებში, სადაც გადასახადები შედარებით მაღალია (მაგალითად, აშშ - ნიუ-იორკი, ევროპა - საფრანგეთი).

Tax Foundation განმარტავს, რომ სიგარეტი არალეგალურად იყიდება ორგანიზებული კონტრაბანდისტური ჯგუფების მიერაც. მაგალითად, საერთაშორისო დანაშაულებრივ სინდიკატებს მასობრივად გააქვთ პროდუქცია საზღვრებს გარეთ საგადასახადო მარკების გაყალბების ან არალეგალური მარშრუტების გამოყენების გზით. გარდა ამისა, მკაცრი აკრძალვების და საგადასახადო შეზღუდვების დაწესების პარალელურად, იქმნება შავი ბაზარი, სადაც მომხმარებელს პროდუქცია უპრობლემოდ მიეწოდება. აღნიშნული პროდუქციის გაურკვეველი ხარისხი კი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ორგანიზაციის თანახმად, აშშ-ში კოლოფზე აქციზის 1 დოლარით გაზრდა არალეგალური ბაზრის წილს 13 პროცენტული პუნქტით ზრდის, ხოლო ევროკავშირში 1 ევროთი მატება კონტრაბანდას დაახლოებით 7 პროცენტული პუნქტით აფართოებს.

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანალიტიკურ მასალებში საუბარია უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის რისკებზეც: „საბიუჯეტო დანაკარგების გარდა, თამბაქოს არალეგალური ბრუნვა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანრმთელობასა და უსაფრთხოებას“.

Tax Foundation-ის რეკომენდაციით, „ქვეყნებმა და გლობალურმა ორგანიზაციებმა უნდა აღიარონ კონტრაბანდით გამოწვეული ზიანი და ფაქტი, რომ არალეგალური ვაჭრობა მკაცრი საგადასახადო პოლიტიკისა და პროდუქტის კატეგორიის შეზღუდვის პირდაპირი შედეგია. ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ ზიანის შემცირების მიზნით, ზრდასრული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნაკლებად მავნე ალტერნატიული პროდუქტებიც, რათა შემცირდეს ჩრდილოვან ბაზარიც.

„სიგარეტზე დაწესებული გადასახადებისგან თავის არიდება შტატებს მილიარდობით დოლარის საგადასახადო შემოსავლად უჯდება. გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ის შედეგები როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კუთხით, რასაც სიგარეტსა და სხვა ნიკოტინის შემცველ პროდუქტებზე დაწესებული აქციზის გადასახადები და რეგულაციები იწვევს“, - განმარტავს Tax Foundation.

Tax Foundation-ი აქციზის გადასახადის გადახედვაზე საუბრობდა 2025 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაშიც, - „თამბაქოსგან მიყენებული ზიანის შემცირების საკითხი მთელს მსოფლიოში აქციზთან დაკავშირებული დისკუსიების სათავეშია. მწვავე დებატების მთავარი თემაა ალტერნატიულ პროდუქტებთან დაკავშირებით ევროპის თამბაქოს აქციზის დირექტივის გადახედვაც, რაზეც გასული ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თამბაქოს ნაწარმის ცენტრიც იყო ფოკუსირებული“, - ნათქვამია სტატიაში.

2025 წლის სტატიაში ავტორი განმარტავს, რომ აღნიშნულ პროდუქტებზე გადასვლის შედეგად სიგარეტის მოხმარება შემცირდა. ახალი პროდუქტების ბაზრის ზრდამ კი წარმოშვა აქტიური დისკუსია, თუ როგორ უნდა დაიბეგროს ისინი, - „ეფექტიანი და და რეალობასთან შესაბამისი ნიკოტინის საგადასახადო პოლიტიკის შესამუშავებლად გადამწყვეტია ზიანის შემცირების კონცეფციის გაგება“, - ნათქვამია სტატიაში.

თამბაქოს შემცველ ნაწარმთან დაკავშირებით ავტორი საუბრობს რისკის მიხედვით დიფერენცირებულ გადასახადზე. თუმცა მისივე თქმით, მისი შემუშავება რთული გამოწვევაა, რადგან აქციზის გადასახადები, რომლებიც მსგავს პროდუქტებზე წესდება, ხშირად უშუალოდ ერთ ელემენტზეა ფოკუსირებული, რაც ბაზრის მონაწილეებს უბიძგებს, საკუთარ ხარჯებში გაითვალისწინონ გარეგანი ზიანი. სტატიის ავტორი განმარტავს, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შემთხვევაში კი გარეგანი ზიანის შესაბამისად დაბეგვრა გამოწვევაა, რადგან ნიკოტინი პირდაპირ გარეგან ზიანთან არ არის დაკავშირებული:

„რადგანაც თამბაქოს ალტერნატიული საშუალებების შემთხვევაში კონკრეტულ ინგრედიენტზე აქციზის დაწესება ვერ მოხდება, საგადახადო პოლიტიკის შემქმნელებს მოუწევთ, უფრო ფართო, პროდუქტების კატეგორიებზე დაფუძნებული სისტემა შექმნან, სადაც თითოეულ მათგანს გადასახადის განსხვავებული განაკვეთი ექნება“, - განმარტავს ავტორი, გასულ წელს გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ნიკოტინისა და თამბაქოს თანამედროვე საგადასახადო პოლიტიკის მთავარი მიზანი ამ პროდუქტების მიერ გამოწვეული ზიანის შემცირება უნდა იყოს. შესაბამისად, თუ მთავრობები თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების დაბეგვრას გადაწყვეტენ, სისტემა უნდა ეფუძნებოდეს ფარდობითი რისკის პრინციპს - რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო განაკვეთი პროდუქტის რისკის პროპორციული უნდა იყოს“ - აღნიშნულია Tax Foundation-ის სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ Tax Foundation არის ამერიკული არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად, გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფისკალურ პოლიტიკას შეისწავლის. ორგანიზაციის ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდება კვლევები, ანალიტიკური სტატიები, სტატისტიკური მონაცემები და რეიტინგები, როგორც აშშ-ის ფედერალურ და შტატების დონეზე, ასევე გლობალური მასშტაბით.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს