ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ინტელექტუალური საკუთრების სპეციალიზებული კურსი დაიწყო

პირველად საქართველოში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) პარტნიორობითა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსი დაიწყო! კურსში ქართველი და უცხოელი ადვოკატები მონაწილეობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით სასწავლო კურსს უძღვებიან დარგის ქართველი და ამერიკელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები.

გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სპეციალიზებული კურსის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) საერთაშორისო საკითხების იურისტ-მრჩეველმა, ჯოსელინ შტაინერმა. ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს 56 საათს და მოიცავს როგორც ონლაინ ასევე, პრაქტიკული სწავლების კომპონენტებს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს მიიღებენ და სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭებათ.

„დარგობრივი სპეციალიზაციის კურსი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, კორნელის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დავიწყეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგობრივი სპეციალიზაციისა და იურისტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. პროგრამა ქართველ და უცხოელ იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმავონ ცოდნა ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას. ამასთანავე, კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სერტიფიკატი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტისგან, რაც კიდევ უფრო ზრდის პროგრამის პროფესიულ მნიშვნელობას და ხელს უწყობს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაძლიერებას“, - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს