მთავარეპისკოპოსი ზენონი - პარტიების აკრძალვა მხოლოდ ოპონენტების ჩამოშორება არ არის - ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი

პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის თანდათანობით გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში, პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ის აღნიშნავს, „ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში დიქტატურის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს”.

„პარტიების აკრძალვა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის. ეს არის საზოგადოების პოლიტიკური ნების შეზღუდვა და დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის თანდათანობით გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯი. როდესაც მმართველი ძალა თავად წყვეტს, ვის აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ვის არა, იგი საკუთარ თავს სახელმწიფოსთან აიგივებს, მოქალაქეს კი ართმევს თავისუფალი არჩევანის უფლებას. ასე იწყება დემოკრატიული წყობის დემონტაჟი, გზა ავტორიტარიზმისკენ მიდის და შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში დიქტატურის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს. ასეთ ვითარებაში კანონი სამართლიანობის დაცვის ნაცვლად ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად იქცევა, შიში ცვლის თავისუფალ აზრს, საზოგადოებრივი თანხმობა კი იძულებით მორჩილებას უთმობს ადგილს. საბოლოოდ, იზღუდება ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შესაძლებლობა, სუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები და ირღვევა საზოგადოებრივი ნდობა.

როდესაც ხელისუფლება პოლიტიკური ალტერნატივის ჩახშობას იწყებს, იგი მხოლოდ მოწინააღმდეგეს არ ებრძვის, არამედ იმ საფუძველს ანგრევს, რომელზეც თავისუფალი სახელმწიფო დგას. ქვეყნის მომავალი ვეღარ განისაზღვრება მოქალაქეთა თავისუფალი ნებით და ძალაუფლება თავად იქცევა საკუთარ კანონად. ასეთ გზაზე ყალიბდება სახელმწიფო, რომელშიც მოქალაქე ხელისუფლების წყარო აღარ არის, არამედ მისი მორჩილების ობიექტია.

მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების მონოპოლიზებას, ადამიანის თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების შელახვას ცდილობს, არსობრივად შეუთავსებელია ქრისტიანული ეკლესიის მისიასთან. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ვერ დაეფუძნება ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციას, როდესაც ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს”,- წერს მთავარეპისკოპოსი.

ცნობისთვის, 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს