როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასამართლებ და მიხეილ სააკაშვილს არ დაიბარებ, მისგან როგორც პირველწყაროსგან არ მოისმენ შესაბამის ინფორმაციას, გასაგებია, რომ ობიექტურობასთან პრობლემა გექნება- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე ისაუბრა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა, რაც ქმნის მოცემულობას, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს დირექტივა აქვს მიღებული“.
„ვითხოვდით მოწმეების დაკითხვას. როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასამართლებ და მიხეილ სააკაშვილს არ დაიბარებ და მისგან, როგორც პირველ წყაროსგან არ მოისმენ შესაბამის ინფორმაციას, გასაგებია, რომ ობიექტურობასთან პრობლემა გექნება. ასევე, როდესაც ითხოვ, გამორიცხო მტკიცებულებად წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელიც პოლიტიკურ სახის დოკუმენტია და მოსარჩელე მხარე მხოლოდ ამ პოლიტიკურ განცხადებებს ეყრდნობა და ამასაც რომ არ გაითვალისწინებ, თავისთავად აქაც, ობიექტურობის კრიტერიუმი სერიოზული კითხვის ქვეშ არის. ამიტომ, რეალურად გვაქვს ის ვითარება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დირექტივა, არ დააკმაყოფილოს ოპოზიციურ პარტიების არცერთი შუამდგომლობა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო. აღნიშნული სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს აიკრძალოს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი შემდეგი 5 პოლიტიკური ოპოზიციური პარტია: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.
სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება.