ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თანამომხსენებლები - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი პარტიის წევრების მოთხოვნის განხილვა, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება, უკიდურესად საგანგაშოა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი პარტიის წევრების მოთხოვნის განხილვა, რომელიც ხუთი დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება, უკიდურესად საგანგაშოა, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის მხრივ არსებულ ვითარებაზე თანამომხსენებლები, ანდერს კნაპე (შვედეთი) და ურს ჟანეტი (შვეიცარია) ავრცელებენ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი პარტიის წევრების მოთხოვნის განხილვა, რომელიც ხუთი დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება, უკიდურესად საგანგაშოა. მსგავსი აკრძალვა სახიფათო ესკალაცია იქნება და საქართველოს იმ ვალდებულებებისგან დააშორებს, რომლებიც მას ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით აქვს აღებული.

დემოკრატიას მმართველობის არც ერთ დონეზე არ შეუძლია არსებობა პოლიტიკური პლურალიზმისა და ძალაუფლების კონცენტრაციაზე ეფექტიანი შეკავების გარეშე. როგორც წელს უკვე გავავრცელეთ გაფრთხილება, ქართული დემოკრატიის საფუძვლების მიმდინარე ნგრევა სერიოზული შეშფოთების საგანია. როგორც ვენეციის კომისიამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით მოქალაქეს, მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, შესაძლოა, ადგილობრივ დემოკრატიაში მონაწილეობის შესაძლებლობა წაერთვათ. შედეგად, საქართველოს მუნიციპალიტეტებში პლურალიზმი დე ფაქტო აღარ იარსებებს.

ჩვენ კვლავაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, რათა მან, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი ვალდებულებები შეასრულოს ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მხრივ. ყურადღებით დავაკვირდებით სასამართლო პროცესს, ისევე როგორც ადგილობრივ დემოკრატიაზე მათ გავლენას, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ხმა გააჩნია მათთვის ყველაზე ახლო საკითხებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს