კახა კახიშვილი - ისეთი განცდა მრჩება და ისეთი მიმართულებით მიდის საქმე, რომ პარტიების ერთიანი აკრძალვის გადაწყვეტილება არ იქნება - მაგალითად, გახარიას პარტიასა და „ლელოზე” სასამართლოს უბრალოდ გაუჭირდება დასაბუთება

კახა კახიშვილი - ისეთი განცდა მრჩება და ისეთი მიმართულებით მიდის საქმე, რომ პარტიების ერთიანი აკრძალვის გადაწყვეტილება არ იქნება - მაგალითად, გახარიას პარტიასა და „ლელოზე” სასამართლოს უბრალოდ გაუჭირდება დასაბუთება

ისეთი განცდა მრჩება და ისეთი მიმართულებით მიდის საქმე, ვხედავ, რომ პარტიების ერთიანი აკრძალვის გადაწყვეტილება არ იქნება და იქნება პარტიების გამოყოფა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახიშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი გახარიას პარტიისა და „ძლიერი საქართველო - ლელოს” მიმართ ამკრძალავი ვერდიქტი არ იქნება გამოყენებული.

მისივე განმარტებით, ეს იქნება ერთგვარი ჩვენება იმისა, რომ სასამართლო „ქართული ოცნების” ყველა მითითებას უპირობოდ არ ასრულებს.

„მე ვფიქრობ, არ იქნება ცალსახად ისეთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც მითითებულია სარჩელში, აიკრძალება. ამას ვამბობ როგორც პოლიტიკოსის, ისე იურისტის გადმოსახედიდან იმიტომ, რომ ყველა გადაწყვეტილებას შესაბამისი მტკიცებულება სჭირდება. ეს არ არის წვრილმანი ქურდობის საქმე, რომ საზოგადოებას დიდად არ აინტერესებდეს თავისი დასაბუთებით. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება გამოვა, სხვადასხვა იურისტი ამ გადაწყვეტილების შესწავლას დაიწყებს, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე. სასამართლომაც ხომ უნდა დაასაბუთოს და რთულია კონკრეტული დასაბუთება იმის, რომ იმ პარტია, რომელიც იმ პერიოდში საერთოდ არ არსებობდა, არ იყო არც მმართველ რგოლში და არც გადაწყვეტილებებს იღებდა, რატომ უნდა იყოს აკრძალული.„ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის ნაწილშიც საჭიროა დასაბუთება იმიტომ, რომ დღეს, 14 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას” რატომ ედავები, ამ ნაწილშიც საჭირო იქნება მსჯელობა. ალბათ, დასვამს ვინმე ამ კითხვასაც სასამართლოს წინაშე. საბოლოოდ, როგორც პოლიტიკოსს, როგორც იურისტსა და როგორც ადამიანს, როდესაც ვუყურებ პირდაპირ ეთერებს, ისეთი განცდა მრჩება და ისეთი მიმართულებით მიდის საქმე, ვხედავ, რომ ერთიანი აკრძალვის გადაწყვეტილება არ იქნება და იქნება პარტიების გამოყოფა. ვფიქრობ, რომ ყველა არ აიკრძალება, მეტიც, რამდენიმე პარტიაზე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ ალბათ სასამართლოში პირდაპირ ამ პარტიების მიმართ იქნება საუბარი, რომ მათ მიმართ არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა. მაგალითად, გახარიას პარტიასა და „ლელოზე” სასამართლოს უბრალოდ გაუჭირდება დასაბუთება, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ისინი ერთიან სარჩელში შეიტანეს, მაგრამ იმაზე იქნება ხაზგასმა, აი, როგორი სასამართლოა, ყველა არ დააკმაყოფილა, თქვენ რომ ამბობთ, ჩვენს დავალებებს ასრულებსო, მათ მიმართ არ შეასრულაო და იქნება პოლემიკა”, - განაცხადა კახიშვილმა.