გიგა ლემონჯავა - არ არსებობს რეჟიმი, რომლის გამოც ბრძოლაზე ხელს ავიღებთ - დროა, შეკავებისა და თავდაცვის რეჟიმიდან გადავიდეთ თავდასხმაზე და ვაჩვენოთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი - ამ ქვეყნის პატრონი ხართ თქვენ, მოქალაქეები

თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს ამ ქვეყანაში, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანაში არ არის სამშობლოს მოღალატეების ადგილი. არ არსებობს რეჟიმი, რომლის გამოც ჩვენ ბრძოლაზე ხელს ავიღებთ. დროა, რომ შეკავებისა და თავდაცვის რეჟიმიდან გადავიდეთ თავდასხმაზე და ვაჩვენოთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი, - ამის შესახებ პარტია „დროას” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ „ოპოზიციის ალიანსის” მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლემონჯავას თქმით, კრემლი საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარის დაკანონების საშუალებად და საზოგადოებამ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.
„ჩვენ ვართ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში და მათი ამოცანა არის მარტივი - მათ უნდათ, რომ გამოგვფიტონ, იმედი დაგვაკარგვინონ, სასოწარკვეთაში ჩაგვაგდონ და ბრძოლაზე ხელი აგვაღებინონ.
დღევანდელი დღე არის განაცხადი იმის შესახებ, რომ თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს ამ ქვეყანაში, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. დღევანდელ შეკრებას და ჩვენს შემდგომ მოქმედებებს ლაიტმოტივად გასდევს ერთი ძალიან მარტივი ფრაზა - საქართველო ივანიშვილის გარეშე. ამ ქვეყანაში არ არის სამშობლოს მოღალატეების ადგილი. ამ ქვეყანაში არ არის იმ კრიმინალური დაჯგუფების ადგილი, რომელმაც ადამიანები აწამა, ვინც გამოგვიცხადა, რომ საქართველოს ადგილი არ არის ევროპაში, ვინც ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებასა და საქართველოს კონსტიტუცია.
დღეს ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს კრემლი იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარის დაკანონების საშუალებად. კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შეიტანა, მეტი არაფერია თუ არა რუსული ჯარის დაკანონება საქართველოს ტერიტორიაზე, დარტყმა ამ ქვეყნის სუვერენიტეტზე, დარტყმა საქართველოს ერთიანობაზე. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩაბარება რუსებისთვის, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მთავარი მტრისთვის - ამას აკეთებს ივანიშვილი.
როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს კრძალავს, ეს არ არის ხუთი პარტიის ან კოალიციის რეგისტრაციის გაუქმება. ეს არის ამ ქვეყნის, როგორც სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმება და ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ყველაფრის შეჩერება შეუძლია, ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები.
ჩვენ არა ვართ თაობა, რომელიც ამ ქვეყანას დათმობს, პირიქით, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს, გააერთიანებს და გაამთლიანებს, დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მაგრამ იქამდე წინ გველის დიდი ბრძოლა.
არ არსებობს რეჟიმი, რომლის გამოც ჩვენ ბრძოლაზე ხელს ავიღებთ. დროა, რომ შეკავებისა და თავდაცვის რეჟიმიდან გადავიდეთ თავდასხმაზე და ვაჩვენოთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი. ამ ქვეყნის პატრონი ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები”, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
















