არჩილ გორდულაძე - ჩვენ არ გვაქვს უფლება, მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოების აკრძალვით, დემოკრატია დაიცავს საკუთარ თავს

არჩილ გორდულაძე - ჩვენ არ გვაქვს უფლება, მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება - „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განშტოების აკრძალვით, დემოკრატია დაიცავს საკუთარ თავს

ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ კონკრეტულ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსარჩელე მხარის - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის წარდგენისას განაცხადა.

გორდულაძის თქმით, აღნიშნული პარტიების აკრძალვით, დემოკრატია დაიცავს საკუთარ თავს და საქართველოში ხალხის გადაწყვეტილებების პატივისმცემელ და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მსურველ ადამიანებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა, ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში.

„აქ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები 2012 წლის შემდეგ ერთობლივად და ცალ-ცალკე უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ, ამ ქმედებების უშუალოდ ჩადენის გამო, ყველა პარტია, რა თქმა უნდა, ასაკრძალია. ამასთანავე, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომლის ლიდერები 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იყვნენ, მართალია, 2003 -2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის უშუალო მონაწილეები ვერ იქნებიან, თუმცა 2012 წლის შემდეგ შექმნილი ეს პოლიტიკური პარტიები 2033-2012 წლამდე პერიოდში არაადამიანური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემატურ და სისტემურ დანაშაულს არ ემიჯნებიან. არა თუ არ ემიჯნებიან, არამედ კოალიციაშიც კი შედიან იმ რეჟიმის შემქმნელებთან, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ. აღნიშნული ცალსახად ნიშნავს იმას, რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები ეთანხმებიან იმ პერიოდში მოქმედი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათი მხრიდან იმავეს განმეორების რეალური საფრთხე არსებობს. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი, სწორედ ამგვარ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები ამ სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გამოც უნდა აიკრძალონ. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია არაერთი არაკონსტიტუციური ქმედება, რომელსაც ერთი განზრახვით მოქმედი სხვადასხვა ე.წ. პარტია ან ერთად ჩადიან ან ცალ-ცალკე, მაგრამ თითოეული ეს ფაქტი ყველა პარტიას მიემართება. წარმოდგენილი ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის, ეს არის გადაწყვეტილება მათ შორის იმაზე, დავუშვებთ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოქმედებებში, მომავალშიც გაგრძელდეს. წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძველი დაუცველი იქნება. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი განშტოების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ!“- განაცხადა გორდულაძემ.